რა უნდა იცოდეთ ნეკნის მოტეხილობის შესახებ?
ნეკნის მოტეხილობა ხშირი დაზიანებაა.
აღნიშნული პათოლოგიის დროს ნეკნის გალიის რომელიმე ძვალი ტყდება ან იბზარება.
ნეკნის მოტეხილობის ყველაზე ხშირი გამომწვევი მიზეზია გულმკერდის ტრავმა, მაგალითად, ძირს დაცემა, ავტოავარია ან კონტაქტური სპორტით მიღებული დაზიანება.
აღსანიშნავია, რომ მიუხედავად ტკივილისა, გაბზარული ნეკნი არ არის პოტენციურად სახიფათო, მაგრამ საშიშია ნაწილებად მოტეხილი ნეკნი.
მოგეხსენებათ, მოტეხილი ძვლის უსწორმასწორო, დაკბილულმა კიდემ შესაძლოა დააზიანოს სისხლძარღვები და შინაგანი ორგანოები, მაგალითად, ფილტვი.
კლინიკურ შემთხვევათა უმეტეს ნაწილში მოტეხილი ნეკნი ერთი ან ორი თვის განმავლობაში თავისით შუშდება. რასაკვირველია, აუცილებელია ექიმის მიერ გამოწერილი ტკივილგამაყუჩებლის მიღება - ტკივილის ადეკვატური კონტროლის მეშვეობით, პაციენტი ღრმად სუნთქავს და თავიდან იცილებს ფილტვის ისეთ გართულებას როგორიც პნევმონიაა.
სიმპტომები
როგორც წესი, ნეკნის მოტეხილობასთან ასოცირებული ტკივილი ვლინდება ან მწვავდება შემდეგ შემთხვევებში:
- ღრმად სუნთქვის დროს;
- დაზიანებულ არეზე დაწოლისას;
- მოხრისას.
გამომწვევი მიზეზი
ნეკნის მოტეხილობის გამომწვევი მიზეზი ყოველთვის პირდაპირი მექანიკური დაზიანებაა.
ნეკნის მოტეხილობა ყალიბდება ავტოავარიის, დაცემის, კონტაქტური სპორტის, ფიზიკური ძალადობის დროს. ნეკნის მოტეხილობა შესაძლოა გამოწვეული იყოს სპორტული აქტივობისას განმეორებით მიღებული ტრავმის შედეგად.
მედიკოსები ადასტურებენ, რომ ნეკნის მოტეხილობას შესაძლოა ადგილი ჰქონდეს მწვავე, ხანგრძლივი ხველის დროსაც.
რისკ-ფაქტორებს განეკუთვნება:
- ოსტეოპოროზი;
- სპორტი;
- ნეკნის სიმსივნური დაზიანება.
გართულებული შემთხვევა
როგორც უკვე მოგახსენეთ, მოტეხილი ნეკნის გამო შესაძლოა დაზიანდეს სისხლძარღვები და შინაგანი ორგანოები. რისკი განსაკუთრებით იზრდება ნეკნის მრავლობითი მოტეხილობის შემთხვევაში.
შესაძლო გართულებებია:
- აორტის გასკდომა;
- ფილტვის ქსოვილის დაზიანება (ფილტვის მთლიანობის დარღვევა);
- ღვიძლის, ელენთის ან თირკმლის დაზიანება.
წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/broken-ribs/symptoms-causes/syc-20350763