რას ნიშნავს ლაქტოზის აუტანლობა?
ლაქტოზის აუტანლობის დროს ადამიანის ორგანიზმი ვერ ახერხებს რძის შაქრის (ლაქტოზა) სრულყოფილად მონელებას. ლაქტოზის აუტანლობის გამო რძის პროდუქტების მიღების შედეგად ვლინდება ისეთი სიმპტომები როგორიცაა: დიარეა, აირების დაგროვება, შებერილობა და სხვა.
როგორც სტატიაში ვკითხულობთ, ეს მდგომარეობა, ჩვეულებრივ, უვნებელია, თუმცა სიმპტომატიკის გამო პათოლოგია ადამიანს სერიოზულ დისკომფორტს უქმნის.
ლაქტოზის აუტანლობის ყველაზე ხშირი გამომწვევი მიზეზია ის, რომ წვრილი ნაწლავი ძალიან მცირე რაოდენობით ენზიმებს, ფერმენტებს წარმოქმნის. აღსანიშნავია, რომ შესაძლოა გქონდეთ მცირე რაოდენობის ლაქტაზა და მაინც ახერხებდეთ რძის პროდუქტების მონელებას, მაგრამ როცა ამ ფერმენტის დონე ძალიან მცირეა უკვე ვითარდება ლაქტოზის აუტანლობა.
მდგომარეობის მართვის ყველაზე ეფექტური მეთოდია მოერიდოთ რძის პროდუქტებს.
სიმპტომები
როგორც წესი, ლაქტოზის აუტანლობის ნიშნები და სიმპტომები ვლინდება ლაქტოზას შემცველი საკვების მიღებიდან 30 წუთიდან 2 საათის განმავლობაში.
ყველაზე გავრცელებული სიმპტომებია:
- დიარეა;
- გულისრევა და ზოგჯერ ღებინება;
- სპაზმი მუცლის არეში;
- შებერილობა;
- აირები ნაწლავებში.
გამომწვევი მიზეზები
ლაქტოზის აუტანლობა ვითარდება მაშინ, როდესაც წვრილი ნაწლავი არ წარმოქმნის საკმარისი რაოდენობით ფერმენტს (ლაქტაზა) - სწორედ ეს ენზიმი ინელებს რძის შაქარს (ლაქტოზა).
ნორმალურ მდგომარეობაში ლაქტაზა რძის შაქარს შლის 2 მარტივ შაქრად გლუკოზად და გალაქტოზად. გლუკოზა და გალაქტოზა სისხლში შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ამომფენის მეშვეობით.
ლაქტოზის აუტანლობის შემთხვევაში ეს პროცესი ირღვევა, ანუ საკვებში შემავალი ლაქტოზა დამუშავებისა და შეწოვის გარეშე აღწევს მსხვილ ნაწლავში. ნაწლავში ნორმალური ბაქტერია ურთიერთქმედებს გადაუმუშავებელ, მოუნელებელ ლაქტოზასთან და შედეგად ორგანიზმში ლაქტოზის აუტანლობისთვის დამახასიათებელი ნიშნები და სიმპტომები ვლინდება.
მედიკოსები ერთმანეთისგან განასხვავებენ ლაქტოზის აუტანლობის 3 ფორმას, კერძოდ, ეს ტიპებია: ლაქტოზის პირველადი აუტანლობა, ლაქტოზის მეორეული აუტანლობა, თანდაყოლილი აუტანლობა.
წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/lactose-intolerance/symptoms-causes/syc-20374232