როგორ ავირიდოთ თავიდან ფრჩხილის სოკო?

როგორ ავირიდოთ თავიდან ფრჩხილის სოკო?

რა არის ფრჩხილის სოკო?

ფრჩხილის სოკო ხშირი მდგომარეობაა.

დაავადების დროს ჩნდება თეთრი ან ყვითელი ლაქები ფეხისა თუ ხელის ფრჩხილების ქვეშ.

როცა სოკოვანი ინფექცია ღრმად იჭრება, ფრჩხილი ფერს იცვლის, კიდეები სქელდება. ინფექციის გამო სავსებით მოსალოდნელია დაზიანდეს რამდენიმე ფრჩხილი.

თუ დაავადება მსუბუქი ფორმით მიმდინარეობს და პაციენტს დისკომფორტი არ აქვს, შესაძლოა მკურნალობა არ გახდეს საჭირო, მაგრამ ტკივილისა და ფრჩხილების შესქელების შემთხვევაში რეკომენდებულია საჭირო ზომების მიღება და ექიმთან მიმართვა.

გაითვალისწინეთ, რომ წარმატებული მკურნალობის შემთხვევაშიც კი სავსებით მოსალოდნელია ფრჩხილზე სოკოვანი ინფექცია ისევ გაჩნდეს.

სიმპტომები

სოკოვანი ინფექციის დროს ფრჩხილებზე შესამჩნევია:

  • შესქელება;
  • მოთეთრო, მოყვითალო, მოყავისფრო შეფერილობა;
  • ფრჩხილები მტვრევადია;
  • ფორმა დეფორმირებულია;
  • ფრჩხილქვეშ მკვდარი ქსოვილების ნარჩენების გამო ფრჩხილები მუქი შეფერილობისაა;
  • იგრძნობა სპეციფიკური სუნი.

გამომწვევი მიზეზი

ინფექციას იწვევს არაერთი სოკოვანი ორგანიზმი, მაგრამ ყველაზე ხშირად გამომწვევი მიზეზია სოკო სახელწოდებით დერმატოფიტი.

ფრჩხილის ინფექციას შესაძლოა ასევე იწვევდეს ობი და საფუარი.

ფრჩხილის სოკოსგან არავინაა დაზღვეული და ვლინდება ნებისმიერ ასაკში, მაგრამ განსაკუთრებით ხშირად ავადობენ ხანდაზმულები.

 

რისკ-ფაქტორებს განეკუთვნება:

  • ხანდაზმულობა;
  • ჭარბი ოფლიანობა;
  • ათლეტის ტერფი (სოკოვანი ინფექცია, რომელიც ძირითადად, ფეხის თითებს შორის ჩნდება);
  • განსაკუთრებით სახიფათოა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში (საცურაო აუზი, სპორტდარბაზი, საშხაპე) ფეხშიშველი სიარული;
  • კანის დაავადება ან ფრჩხილის თუნდაც უმნიშვნელო ტრავმა;
  • დიაბეტი, სისხლის მიმოქცევის დარღვევა, სუსტი იმუნური სისტემა.

პრევენცია

რეკომენდებულია:

  • იზრუნეთ პირად ჰიგიენაზე - რეგულარულად დაიბანეთ ხელები და ფეხები. თუ ინფიცირებულ ფრჩხილს შეეხებით ხელები აუცილებლად დაიბანეთ. ხელების დაბანის შემდეგ სასურველია ფრჩხილების დატენიანება;
  • ყოველი გამოყენების შემდეგ აუცილებელია მაკრატლის დეზინფექცია;
  • ყოველდღე გამოიცვალეთ წინდა და შეიძინეთ ისეთი, რომელიც კარგად იწოვს ოფლს;
  • საჭიროა კომფორტული ფეხსაცმელი, რომელშიც ტერფი „სუნთქვას“ შეძლებს;
  • ფეხსაცმელში შეგიძლიათ ჩაყაროთ სოკოს საწინააღმდეგო ფხვნილი;
  • საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, მაგალითად, საშხაპესა თუ საცურაო აუზზე არასდროს იაროთ ფეხშიშველმა;
  • გაიკეთეთ მანიკური და პედიკური მხოლოდ ისეთ სალონში, სადაც ტარდება იარაღების სტერილიზება;
  • ხელოვნურ ფრჩხილებზე უარის თქმა მოგიწევთ.

 

წყარო:

https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/nail-fungus/symptoms-causes/syc-20353294