როგორ მოვიქცეთ მგზავრობისას ყურის დაგუბების შემთხვევაში?

როგორ მოვიქცეთ მგზავრობისას ყურის დაგუბების შემთხვევაში?

რა იწვევს ყურების დაგუბებას?

ეს შეგრძნება ბევრი ადამიანისთვის ნაცნობია და განსაკუთრებით თვითმფრინავით მგზავრობის დროს.

ყურის ბაროტრავმა არის სტრესი შუა ყურზე, დაფის აპკზე, რომელიც გამოწვეულია ატმოსფერული წნევით - ყურების დაგუბება ვლინდება მაშინ, როდესაც გარემოში ჰაერის წნევა ბალანსირებული არ არის.

ზოგიერთი მგზავრი ყურების დაგუბებით გამოვლენილ ძლიერ დისკომფორტს გრძნობს თვითმფრინავის აფრენის ან დაშვების მომენტში.

რასაკვირველია, გარკვეული მეთოდებით (მაგალითად, საღეჭი რეზინის ღეჭვა, ნერწყვის ხშირი ყლაპვა, დამთქნარება და სხვა) სიმპტომების შემსუბუქება შესაძლებელია, თუმცა ზოგიერთ კლინიკურ შემთხვევაში, როდესაც სახეზეა ბაროტრავმის მწვავე ფორმა, ექიმის კონსულტაციაა საჭირო.

სიმპტომები

ყურის დაგუბებას შესაძლოა უჩიოდეთ როგორც ერთ, ისე ორივე ყურში.

ყველაზე ხშირი სიმპტომებია:

  • საშუალო სიმძიმის დისკომფორტი ან ტკივილი ყურის არეში;
  • შეგრძნება თითქოს ყური დახშულია;
  • სმენის მსუბუქი დაქვეითება.

მწვავე კლინიკურ შემთხვევაში ვლინდება შემდეგი სიმპტომები:

  • მწვავე ტკივილი;
  • ყურში მომატებული წნევის შეგრძნება;
  • სმენის დარღვევა, რომელიც შესაძლოა იყოს როგორც საშუალო, ისე მწვავე სახის;
  • ყურებში ხმაურის, რეკვის, წკრიალის თუ ჩხარუნის შეგრძნება (ტინიტუსი);
  • ტრიალის შეგრძნება;
  • სისხლდენა ყურიდან.

რისკ-ფაქტორები

ყურის დაგუბებას შესაძლოა ხელს უწყობდეს შემდეგი რისკ-ფაქტორები:

  • ევსტაქის მილის (სმენის ორგანოს ერთ-ერთი ნაწილი) პატარა ზომა;
  • გაციება;
  • სინუსური ინფექცია;
  • ალერგიული რინიტი;
  • შუა ყურის ინფექცია;
  • თვითმფრინავის აფრენის თუ დაშვების დროს (ან სხვა ტრანსპორტით მგზავრობისას, როცა აღმართზე, ან დაღმართზე მოძრაობთ) თუ გძინავთ ყურის დაგუბების რისკი იზრდება.

როგორც სტატიაში ვკითხულობთ, ყურის ბაროტრავმა არ არის სერიოზული პათოლოგია და როგორც წესი, თვითმკურნალობას ეფექტურად ექვემდებარება. ამასთან, მას უმეტესად არ ახასიათებს ხანგრძლივი დროით მიმდინარე გართულებები. გაითვალისწინეთ, რომ შუა ყურის სტრუქტურის დაზიანების შემთხვევაში შესაძლოა მდგომარეობა დამძიმდეს, თუმცა მსგავსი შემთხვევები ძალიან იშვიათია.

პრევენცია

მგზავრობისას ყურის დაგუბებისგან შესაძლოა დაგიცვათ ამ მეთოდებმა. რეკომენდებულია:

  • აფრენისა და დაშვების დროს დაამთქნარეთ ან ნერწყვი ყლაპეთ. ხშირ ნერწყვის ყლაპვაში დაგეხმარებათ ტკბილი კანფეტი ან საღეჭი რეზინი;
  • ვალსალვას მანევრი - თითებით დაახშეთ ცხვირის ნესტოები და პირიც დახურეთ. ამ პოზაში ყოფნისას ღრმად ჩაისუნთქეთ და ამოისუნთქეთ, ხოლო შემდეგ ჩვეულ მდგომარეობას დაუბრუნდით. ვალსალვას მანევრი ჩაატარეთ რამდენჯერმე;
  • შეეცადეთ არ ჩაგეძინოთ აფრენის და დაშვების მომენტში;
  • არ გირჩევთ თვითმფრინავით მგზავრობას მაშინ, როცა გაციებული ბრძანდებით, გაქვთ სინუსური ინფექცია, ყურის ინფექცია ან ცხვირის დაგუბება. ამ რისკ-ფაქტორების შემთხვევაში თუ შესაძლებელია მოგზაურობის გეგმა შეცვალეთ. ასევე აუცილებლად დაუკავშირდით ექიმს და მხოლოდ მისი რეკომენდაციის შესაბამისად იმოქმედეთ თუ ყურის არეში ჩატარებული გაქვთ ქირურგიული ოპერაცია;
  • თუ ცხვირით სუნთქვა გიჭირთ, ცხვირის გამხსნელი სპრეი ისხურეთ თვითმფრინავის აფრენამდე და დაშვებამდე 30 წუთით ადრე;
  • ალერგიის შემთხვევაში ექიმის მიერ გამოწერილი ალერგიის საწინააღმდეგო წამალი უნდა მიიღოთ ფრენამდე 1 საათით ადრე (აუცილებლად გაიარეთ მკურნალ ექიმთან კონსულტაცია);
  • ეფექტურია ე.წ. ყურის ტამპონი (ყურსასმენის მსგავსი პაწაწინა მოწყობილობა, ხმაურის საწინააღმდეგო საშუალება), რომელიც იყიდება აფთიაქებში.

 

წყარო:

https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/airplane-ear/symptoms-causes/syc-20351701