სისხლდენა ორსულობის დროს

სისხლდენა ორსულობის დროს

საშიშია თუ არა სისხლდენა ორსულობაში?

ორსულობისას ვაგინალური სისხლდენა შესაძლოა იყოს საშიში, თუმცა ყოველთვის არ უკავშირდება სერიოზულ პრობლემას, ყოველთვის არ წარმოადგენს საგანგაშო სიმპტომს.

სისხლდენა პირველ ტრიმესტრში (პირველი 12 კვირა) ხშირია და ეს მდგომარეობა ბევრ ქალს აღენიშნება - ცნობისათვის, ვაგინალური სისხლდენის მიუხედავად ორსულები ჯანმრთელ პატარებს აჩენენ.

რასაკვირველია, ორსულობისას ვაგინალური სისხლდენა სერიოზულად უნდა განიხილებოდეს.

ყველა კლინიკური შემთხვევა ინდივიდუალურია და შესაბამისად, ეს სიმპტომი საშიშია თუ არა უნდა გადაწყვიტოს მეან-გინეკოლოგმა; ზოგჯერ სისხლდენას შესაძლოა იწვევდეს მუცლის მოშლა ან სხვა ისეთი მდგომარეობა, რომელიც ადეკვატურ მკურნალობას, მართვას საჭიროებს. სწორედ ამიტომ ნებისმიერ შემთხვევაში, ვაგინალური სისხლდენის დროს, მომავალი დედიკოსა და პატარა ადამიანის ჯანმრთელობისთვის აუცილებელია მდგომარეობა შეაფასოს მედიკოსმა.

გამომწვევი მიზეზები

ორსულობაში განვითარებული ვაგინალური სისხლდენა ზოგჯერ სერიოზულია და ზოგჯერ არა.

პირველი ტრიმესტრი

პირველ ტრიმესტრში ვაგინალური სისხლდენის შესაძლო გამომწვევი მიზეზია:

  • საშვილოსნოსგარე ორსულობა;
  • იმპლანტაციური სისხლდენა;
  • ქორიონადენომა;
  • საშვილოსნოს ყელის პრობლემები (მაგალითად, ინფექცია, წანაზარდები და სხვა).

მეორე და მესამე ტრიმესტრი

მეორე ან მესამე ტრიმესტრში ვაგინალური სისხლდენის შესაძლო გამომწვევი მიზეზებია:

  • პლაცენტის მოწყვეტა;
  • მუცლის მოშლა;
  • ნაადრევი მშობიარობა;
  • საშვილოსნოს ყელის ინფექცია, ანთება ან წანაზარდი;
  • საშვილოსნოს გახევა;
  • პრობლემური საშვილოსნოს ყელი.

ვაგინალური სისხლდენა (ნორმა) ორსულობის ბოლო პერიოდში მშობიარობამდე

ორსულობის ბოლო პერიოდში გამოვლენილი მსუბუქი სისხლდენა, რომელიც ხშირად თანდართულია ლორწოთი, შესაძლოა განვიხილოთ როგორც მშობიარობის დაწყების ნიშანი. ამ დროს ვაგინალური გამონადენი ვარდისფერი ან სისხლიანია.

როდის მივმართოთ ექიმს?

ორსულობის დროს წარმოქმნილი ვაგინალური სისხლდენის შემთხვევაში მაშინვე უნდა აცნობოთ მეან-გინეკოლოგს.

მედიკოსმა უნდა იცოდეს ინფორმაცია იმის შესახებ თუ დაახლოებით რა რაოდენობის სისხლი დაკარგეთ, როგორ გამოიყურებოდა, სისხლი შეიცავდა რაიმე შენადედს ან ქსოვილს თუ სხვა.

პირველი ტრიმესტრი

პირველი ტრიმესტრის (პირველიდან 12 კვირამდე) დროს რეკომენდებულია:

  • შემდეგი პრენატალური ვიზიტის დროს ექიმს აცნობეთ თუ შენიშნეთ ლაქა ან მსუბუქი ვაგინალური სისხლდენა, რომელიც ალაგდა იმავე დღეს, ანუ არ გრძელდებოდა ერთ დღეზე მეტხანს;
  • 24 საათის განმავლობაში მიმართეთ მეან-გინეკოლოგს თუ ვაგინალური სისხლდენა გრძელდება დღეზე მეტია;
  • სასწრაფოდ მიმართეთ კლინიკას თუ გაქვთ ნორმალური ან ძლიერი ვაგინალური სისხლდენა, შეამჩნიეთ სისხლში ქსოვილი. კლინიკას უნდა მიმართოთ იმ შემთხვევაშიც თუ ვაგინალურ სისხლდენას თან ახლავს ტკივილი მუცლის არეში, კრუნჩხვა, სპაზმი, ტემპერატურა ან კანკალი;
  • ექიმმა აუცილებლად უნდა იცოდეს თუ გაქვთ რეზუს უარყოფითი სისხლი.

მეორე ტრიმესტრი

მეორე ტრიმესტრის დროს (13-24 კვირა) რეკომენდებულია:

  • იმავე დღეს დაუკავშირდეთ ექიმს და აცნობოთ, რომ გქონდათ მსუბუქი, მცირე რაოდენობის ვაგინალური სისხლდენა რამდენიმე საათის განმავლობაში;
  • სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს თუ ნებისმიერი რაოდენობის ვაგინალური სისხლდენა გრძელდება დიდხანს და თან ახლავს მუცლის ტკივილი, სპაზმი, კრუნჩხვა, კანკალი ან შეკუმშვა.

მესამე ტრიმესტრი

მესამე ტრიმესტრის (25-40 კვირა) დროს რეკომენდებულია:

სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს თუ შენიშნეთ ნებისმიერი რაოდენობის ვაგინალური სისხლდენა ან გაქვთ ვაგინალური სისხლდენა, რომელსაც თან ახლავს ტკივილი მუცლის არეში.

 

წყარო:

https://www.mayoclinic.org/symptoms/bleeding-during-pregnancy/basics/definition/sym-20050636