რა არის ძილის ობსტრუქციული აპნოე?
ძილის ობსტრუქციული აპნოე პოტენციურად სერიოზული, საშიში დაავადებაა. ძილის დარღვევის გამო ადამიანი ძილში სუნთქვას არაერთგზის, განმეორებით წყვეტს და შემდეგ ისევ იწყებს სუნთქვას.
ძილის აპნოეს რამდენიმე ტიპი არსებობს, თუმცა ამ ფორმებს შორის ყველაზე გავრცელებული და ხშირია ძილის ობსტრუქციული აპნოე.
ძილის აღნიშნული პათოლოგიის მთავარი სიმპტომი ხვრინვაა.
ძილის ობსტრუქციული აპნოეს მკურნალობა მოიცავს სასუნთქი მოწყობილობების გამოყენებას. ამ მოწყობილობის მეშვეობით, ძილის დროს პაციენტის სასუნთქი გზები ღიაა. ზოგიერთ კლინიკურ შემთხვევაში მკურნალობის ეფექტურ მეთოდს ქირურგიული ჩარევა წარმოადგენს.
სიმპტომები
ძილის ობსტრუქციული აპნოეს სიმპტომებია:
- დღის განმავლობაში ძილიანობა;
- ხმამაღალი ხვრინვა;
- ძილში სუნთქვის დროებით შეჩერების ეპიზოდები;
- უეცარი გაღვიძება, რომელსაც თან ახლავს მოგუდვის ან სპაზმის, მძიმედ სუნთქვის შეგრძნება;
- გაღვიძებისას ყელის ტკივილი ან პირის სიმშრალე;
- დილის თავის ტკივილი;
- დღის განმავლობაში კონცენტრაციის დაქვეითებული უნარი;
- დეპრესია, გაღიზიანება;
- მაღალი არტერიული წნევა;
- ღამის ოფლიანობა.
ძილის ობსტრუქციული აპნოე ვითარდება მაშინ, როდესაც ყელის უკან მდებარე კუნთები ზედმეტად დუნდება.
რაოდენ უცნაურადაც არ უნდა მოგეჩვენოთ ძილის ობსტრუქციული აპნოეს მქონე პაციენტს შეიძლება წარმოდგენაც კი არ ჰქონდეს საკუთარ პრობლემაზე. ფაქტია, ამ დარღვევის მქონე ბევრ ადამიანს აქვს განცდა, რომ მთელი ღამე ნორმალურად, კარგად ეძინა.
რისკ-ფაქტორები
ძილის ობსტრუქციული აპნოესგან არავინაა დაზღვეული, თუმცა ზოგიერთი ფაქტორის გამო რისკი იზრდება და ეს რისკ-ფაქტორებია:
- ჭარბი წონა;
- ვიწრო სასუნთქი გზები;
- მაღალი არტერიული წნევა (ჰიპერტენზია);
- ცხვირის ქრონიკული დაგუბება;
- თამბაქო;
- დიაბეტი;
- ძილის აპნოეს ოჯახური ანამნეზი;
- ასთმა.
გართულებული შემთხვევა
ძილის ობსტრუქციული აპნოე სერიოზულ სამედიცინო მდგომარეობად ითვლება.
ძილის პათოლოგიის გამო ადამიანი შესაძლოა უჩიოდეს მეხსიერებასთან დაკავშირებულ პრობლემებს, დილით აწუხებდეს თავის ტკივილი, აღენიშნებოდეს ხასიათის, გუნება-განწყობილების ცვლილებები. არსებობს დეპრესიის რისკიც.
როგორც წესი, ღამით რამდენჯერმე გაღვიძების გამო პაციენტი დაღლილია, უჭირს სამსახურში საქმეზე კონცენტრირება და უჩივის ძილიანობას.
ძილის ობსტრუქციული აპნოე სერიოზული გამოცდაა თქვენი პარტნიორისთვისაც, რადგან ხმამაღალი ხვრინვა გვერდით მყოფსაც არ აძინებს. პაციენტები აღიარებენ, რომ ხვრინვის გამო ზოგიერთ პარტნიორს სხვა ოთახში ძილი ურჩევნია.
ძილის აპნოე მხოლოდ ხვრინვით გამოწვეულ დისკომფორტს არ ნიშნავს და არანამკურნალებელ შემთხვევაში შესაძლოა განვითარდეს კარდიოვასკულური პრობლემებიც.
წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/obstructive-sleep-apnea/symptoms-causes/syc-20352090