ჰიპერკალცემია - რა იწვევს სისხლში კალციუმის დონის მატებას?

ჰიპერკალცემია - რა იწვევს სისხლში კალციუმის დონის მატებას?

რას ნიშნავს ჰიპერკალცემია?

ჰიპერკალცემია არის მდგომარეობა, როდესაც სისხლში კალციუმის დონე ნორმაზე მაღალია.

სისხლში ჭარბი რაოდენობით კალციუმს შეუძლია ძვლის დასუსტება, თირკმლის კენჭების გაჩენა, გულისა და ტვინის ფუნქციონირების შეფერხება.

ჩვეულებრივ, ჰიპერკალცემიას იწვევს ფარისებრახლო ჯირკვლების ზედმეტი აქტივობა. ჰიპერკალცემიის სხვა მიზეზებია კიბო, ზოგიერთი ტიპის მედიკამენტი, კალციუმისა და D ვიტამინის ჭარბი რაოდენობით მიღება.

პათოლოგია შესაძლოა სრულიად უსიმპტომოდ მიმდინარეობდეს ან მწვავე სიმპტომებით გამოიხატოს. მკურნალობის კურსი ინიშნება გამომწვევი მიზეზის შესაბამისად.

სიმპტომები

მსუბუქი ფორმით მიმდინარეობისას პაციენტი არ უჩივის სიმპტომებს, თუმცა მწვავე კლინიკურ შემთხვევებში ნიშნები დაკავშირებულია იმ ორგანოსთან, რომელზეც გავლენას ახდენს კალციუმის მაღალი დონე. განვიხილოთ უფრო დეტალურად.

თირკმელი

კალციუმის ჭარბი რაოდენობის გამო თირკმელი მეტი დატვირთვით მუშაობს, შედეგად ადამიანი უჩივის ძლიერი წყურვილის შეგრძნებას და ხშირ შარდვას.

საჭმლის მომნელებელი სისტემა

ჰიპერკალცემია იწვევს კუჭის გაღიზიანებას, გულისრევას, ღებინებასა და ყაბზობას.

ძვლები და კუნთები

ჭარბი რაოდენობის კალციუმი იწვევს ძვლის დასუსტებასა და ტკივილს, კუნთის სისუსტეს.

ტვინი

კალციუმის დიდი დოზა უარყოფითად აისახება ტვინის ფუნქციონირებაზე, რაც გამოიხატება ისეთი სიმპტომებით როგორიცაა: დაბნეულობა, ლეთარგიულობა და დაღლილობა. შესაძლოა გამოვლინდეს დეპრესია.

გული

თუ პათოლოგია მწვავე ფორმითაა გამოხატული, ვლინდება გულთან დაკავშირებული პრობლემები, კერძოდ: გულის წასვლა, აჩქარებული გულისცემა, არითმია და სხვა.

გამომწვევი მიზეზი

ჰიპერკალცემიას იწვევს:

  • ჰიპერპარათირეოზი;
  • ფილტვის, ძუძუს და სისხლის ზოგიერთი კიბო;
  • ტუბერკულოზი და სარკოიდოზი;
  • უმოძრაობა (ჰიპერკალცემიის რისკის წინაშე იმყოფება ის პირი, რომელიც სხვადასხვა მდგომარეობის გამო იძულებულია დიდხანს იჯდეს ან იწვეს);
  • მწვავე დეჰიდრატაცია;
  • ოჯახური ჰიპოკალციურული ჰიპერკალცემია (გენეტიკური ფაქტორი);
  • ზოგიერთი ტიპის მედიკამენტი;
  • დანამატები (D ვიტამინი და კალციუმი).

გართულებული შემთხვევა

ჰიპერკალცემიის გამო პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა შესაძლოა გამწვავდეს და გართულებულ შემთხვევაში გამოვლინდეს ისეთი პათოლოგიები როგორიცაა:

  • ოსტეოპოროზი;
  • თირკმლის კენჭები;
  • თირკმლის უკმარისობა;
  • ნერვული სისტემის პრობლემები;
  • არითმია.

წყარო:

https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/hypercalcemia/symptoms-causes/syc-20355523