რა უნდა იცოდეთ კარდიომიოპათიის შესახებ?
კარდიომიოპათია გულის კუნთის დაავადებაა, რომლის გამოც დაქვეითებულია გულის ფუნქციონირება - კერძოდ, ამ მნიშვნელოვან ორგანოს ორგანიზმში სისხლის გადატუმბვა უჭირს.
კარდიომიოპათია იწვევს გულის უკმარისობას.
ამ დაავადების მთავარი ფორმებია: დილატაციური, ჰიპერტროფული და რესტრიქციული კარდიომიოპათია.
მკურნალობის კურსი დამოკიდებულია კარდიომიოპათიის ფორმასა და სიმძიმეზე. მწვავე კლინიკურ შემთხვევაში აუცილებელი ხდება გულის ტრანსპლანტაცია (გულის გადანერგვა).
სიმპტომები
ადრეულ სტადიაზე გულის კუნთის დაავადება უსიმპტომოდ მიმდინარეობს, თუმცა პათოლოგიის პროგრესირებასთან ერთად ვლინდება სპეციფიკური ნიშნები.
გაითვალისწინეთ, თუ ექიმს დროულად არ მიმართავთ და არ იმკურნალებთ, სიმპტომატიკა გამწვავდება.
აღსანიშნავია, რომ ზოგიერთ პაციენტში დაავადება სწრაფად მწვავდება, ხოლო ზოგიერთ კლინიკურ შემთხვევაში კარდიომიოპათია დროთა განმავლობაში პროგრესირებს.
კარდიომიოპათიის სიმპტომებია:
- სუნთქვის უკმარისობა, ქოშინი ფიზიკური დატვირთვის დროს ან მოსვენებულ მდგომარეობაში;
- ფეხების (კოჭის ან ტერფის არეში) შეშუპება;
- სითხის დაგროვებით გამოწვეული მუცლის შებერილობა;
- ხველება დაწოლისას;
- დაღლილობა;
- არარეგულარული გულისცემა;
- დისკომფორტი ან ზეწოლის შეგრძნება გულმკერდის არეში;
- თავბრუსხვევა;
- გულის წასვლის შეგრძნება.
როდის მივმართოთ ექიმს?
აუცილებლად მიმართეთ ექიმს თუ გაწუხებთ კარდიომიოპათიისთვის დამახასიათებელი სიმპტომები. გამოიძახეთ გადაუდებელი სასწრაფო დახმარება თუ გიჭირთ სუნთქვა, გაქვთ ტკივილი გულმკერდის არეში ან გულის წასვლის შეგრძნება.
გახსოვდეთ, კარდიომიოპათიის ზოგიერთი ფორმა მემკვიდრეობითია და სავსებით მოსალოდნელია ექიმმა გამოკვლევაზე დაიბაროს თქვენი ოჯახის წევრებიც.
გართულებული შემთხვევა
კარდიომიოპათიამ შესაძლოა გამოიწვიოს გულის ისეთი პრობლემები როგორიცაა: გულის უკმარისობა, სისხლის შედედება, სარქვლის პრობლემა, გულის უეცარი გაჩერება და სიკვდილი.
პრევენცია
სამწუხაროდ, ბევრ კლინიკურ შემთხვევაში კარდიომიოპათიის პრევენცია შეუძლებელია.
ექიმს აუცილებლად აცნობეთ თუ თქვენი ოჯახის რომელიმე წევრს აქვს კარდიომიოპათია!
როგორც სტატიაში ვკითხულობთ, კარდიომიოპათიის და გულის სხვა დაავადებების განვითარების რისკს მნიშვნელოვნად ამცირებს ჯანსაღი ცხოვრების წესი.
რეკომენდებულია:
- მოერიდეთ ალკოჰოლს;
- აკონტროლეთ არტერიული წნევა;
- აუცილებელია დიაბეტის, ჰიპერტენზიის და მაღალი ქოლესტერინის მართვა;
- მიირთვით ჯანსაღი პროდუქტები;
- რეგულარულად ივარჯიშეთ;
- აუცილებელია ღამით მშვიდად, რეკომენდებული დროით გეძინოთ;
- შეეცადეთ შეამციროთ სტრესის დონე, მაქსიმალურად მოერიდეთ სტრესულ გარემოს.
წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/cardiomyopathy/symptoms-causes/syc-20370709