რა არის ჰეპატომეგალია?
ღვიძლის გადიდებას, ღვიძლის ზომაში ზრდას სამედიცინო ენაზე ჰეპატომეგალია (Hepatomegaly) ეწოდება.
აღსანიშნავია, რომ ღვიძლის გადიდება არ არის დაავადება, არამედ სიმპტომია და შესაძლოა ჯანმრთელობის პრობლემის, მაგალითად, ღვიძლის დაავადების, გულის შეგუბებითი უკმარისობის ან კიბოს ნიშანს წარმოადგენდეს. შესაბამისად, მკურნალობის კურსი გამომწვევ მიზეზზეა დამოკიდებული.
სიმპტომები
სავსებით შესაძლებელია ღვიძლის გადიდება ორგანიზმში სრულიად უსიმპტომოდ მიმდინარეობდეს.
თუმცა თუ ღვიძლის ზომაში ზრდა ღვიძლის დაავადებითაა გამოწვეული, შესაძლოა თან ახლდეს შემდეგი სიმპტომები:
- ტკივილი მუცლის არეში;
- დაღლილობა;
- გულისრევა და ღებინება;
- კანისა და თვალის თეთრი ნაწილის სიყვითლე.
გამომწვევი მიზეზი
ჰეპატომეგალიის გამომწვევი მიზეზი მრავალფეროვანია.
ღვიძლის გადიდებას შესაძლოა იწვევდეს შემდეგი პათოლოგიები:
- ციროზი;
- ვირუსით გამოწვეული ჰეპატიტი;
- ღვიძლის არაალკოჰოლური ცხიმოვანი დაავადება;
- ღვიძლის ალკოჰოლური ცხიმოვანი დაავადება;
- ამილოიდოზი;
- ვილსონის დაავადება;
- ჰემოქრომატოზი;
- ღვიძლის კისტა;
- ჰემანგიომა და ადენომა;
- ნაღვლის ბუშტის ობსტრუქცია;
- ტოქსიკური ჰეპატიტი;
- ლეიკემია;
- ღვიძლის კიბო;
- ლიმფომა;
- ბუდ-ქიარის სინდრომი;
- გულის უკმარისობა;
- პერიკარდიტი.
რისკ-ფაქტორები
ღვიძლის გადიდების რისკი არსებობს ღვიძლის დაავადების მქონე პირებში.
წარმოგიდგენთ რამდენიმე რისკ-ფაქტორს, რომელმაც შესაძლოა ჰეპატომეგალიის ჩამოყალიბებას შეუწყოს ხელი:
- ჭარბი დოზით ალკოჰოლი;
- დიდი დოზით მედიკამენტი, ვიტამინი ან დანამატი;
- ვირუსული, ბაქტერიული ან პარაზიტული ინფექცია;
- A, B და C ჰეპატიტი;
- არაჯანსაღი კვების რაციონი;
- ჭარბი წონა.
წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/enlarged-liver/symptoms-causes/syc-20372167