რა არის ენდომეტრიოზი?
ენდომეტრიოზი არის ფართოდ გავრცელებული გინეკოლოგიური პათოლოგია, მტკივნეული დარღვევა, რომლის დროსაც საშვილოსნოს ამომფენი ქსოვილი, ენდომეტრიუმი, საშვილოსნოს გარეთ იზრდება.
ენდომეტრიოზი ხშირად აზიანებს საკვერცხეებს, ფალოპის მილს, მენჯის ამომფენ ქსოვილს. იშვიათად, მაგრამ ენდომეტრიული ქსოვილი შესაძლოა გავრცელდეს მენჯის ღრუს ორგანოების მიღმა.
ენდომეტრიოზი იწვევს ტკივილს, ზოგჯერ მწვავე ტკივილსაც და განსაკუთრებით მენსტრუაციის დროს. აღნიშნული გინეკოლოგიური დარღვევის გამო შესაძლოა განვითარდეს ნაყოფიერებასთან დაკავშირებული პრობლემები.
ენდომეტრიოზი ადეკვატურ, სწორ მკურნალობას ეფექტურად ექვემდებარება.
სიმპტომები
ენდომეტრიოზის ძირითადი, პირველადი სიმპტომია ტკივილი მენჯის არეში, რომელიც ხშირად ჩნდება მენსტრუალური ციკლის დროს.
ზოგიერთ კლინიკურ შემთხვევაში ქალმა შესაძლოა იგრძნოს სპაზმი, კრუნჩხვა მენსტრუაციის დროს - ციკლისთვის დამახასიათებელ დისკომფორტთან შედარებით ენდომეტრიოზის ტკივილი გაცილებით მწვავეა. ამასთან, ტკივილი შესაძლოა გაძლიერდეს დროთა განმავლობაში.
ენდომეტრიოზის ნიშნები და სიმპტომებია:
- დისმენორეა (მტკივნეული მენსტრუაცია);
- ტკივილი ინტიმური კავშირის დროს ან შემდეგ;
- ტკივილი კუჭის მოქმედებისას ან მოშარდვის დროს;
- ციკლის დროს ჭარბი სისხლდენა;
- უშვილობა;
- დაღლილობა;
- დიარეა;
- ყაბზობა;
- მუცლის შებერილობა;
- გულისრევა.
ტკივილის სიმწვავე ყოველთვის არ არის მდგომარეობის სიმწვავის ინდიკატორი, მაგალითად, შესაძლოა გქონდეთ ენდომეტრიოზის მსუბუქი მიმდინარეობა და ამ დროს ვლინდებოდეს ძალიან ძლიერი ტკივილი ან პირიქით, შესაძლოა სახეზე იყოს საკმაოდ კარგად პროგრესირებადი ენდომეტრიოზი და ტკივილს საერთოდ არ უჩიოდეთ, ან ძალიან სუსტი ტკივილი ფიქსირდებოდეს.
ენდომეტრიოზი ხშირად ეშლებათ სხვა ისეთ დაავადებებში, რომელიც იწვევს მენჯის ტკივილს და ეს პათოლოგიებია:
- მენჯის ღრუს ანთებითი დაავადება;
- საკვერცხის კისტა;
- გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი.
როდის მივმართოთ ექიმს?
მიმართეთ ექიმს თუ ნიშნები ან სიმპტომები ენდომეტრიოზზე მიუთითებს. დროული დიაგნოსტირებით პათოლოგიის მართვა და ნებისმიერი შესაძლო გართულების თავიდან არიდება გაცილებით მარტივია.
წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/endometriosis/symptoms-causes/syc-20354656