რა არის თავის ტვინის ანევრიზმა?
თავის ტვინში სისხლძარღვის ამობურცვას ან ამოზნექას ტვინის ანევრიზმა ეწოდება.
ანევრიზმა შესაძლოა გასკდეს და ტვინში სისხლდენა განვითარდეს (ჰემორაგიული ინსულტი).
ყველაზე ხშირად ანევრიზმის გასკდომას ადგილი აქვს ტვინსა და ტვინის ამომფენ თხელ ქსოვილებს შორის არსებულ სივრცეში; ამ ტიპის ჰემორაგიულ ინსულტს სუბარაქნოიდული ჰემორაგია ეწოდება.
გამსკდარი ანევრიზმა სიცოცხლისთვის საშიში პათოლოგიაა და სასწრაფო სამედიცინო ჩარევას საჭიროებს.
როგორც სტატიაში ვკითხულობთ, კლინიკურ შემთხვევათა დიდ ნაწილში თავის ტვინის ანევრიზმა არ სკდება, იწვევს ჯანმრთელობის პრობლემებს ან სიმპტომებს. როგორც წესი, ამ ტიპის ანევრიზმის დიაგნოსტირება ხდება სრულიად შემთხვევით, სხვა მიზეზით ჩატარებული კვლევის დროს.
ზოგიერთ შემთხვევაში მკურნალობა შესაძლებელია, ანუ ხდება ანევრიზმის გასკდომის თავიდან არიდება.
გამსკდარი ანევრიზმის სიმპტომები
უეცრად აღმოცენებული ძლიერი, მწვავე თავის ტკივილი გამსკდარი ანევრიზმის მთავარი სიმპტომია. პაციენტები ამ ტიპის ტკივილს აღწერენ როგორც „ყველაზე საშინელ თავის ტკივილს, რომელიც როდესმე განუცდიათ“.
ანევრიზმის გასკდომისას, ჩვეულებრივ, ვლინდება შემდეგი ნიშნები და სიმპტომები:
- უცაბედი, ძლიერი, მწვავე თავის ტკივილი;
- გულისრევა და ღებინება;
- კისრის გაშეშება;
- ბუნდოვანი ან გაორებული მხედველობა;
- სინათლის მიმართ მომატებული მგრძნობელობა;
- შეტევა;
- ქუთუთოს ჩამოშვება;
- ცნობიერების დაკარგვა;
- დაბნეულობა.
გაუმსკდარი ანევრიზმა
თავის ტვინის გაუმსკდარი ანევრიზმა უსიმპტომოდ მიმდინარეობს და განსაკუთრებით იმ შემთხვევაში თუ პატარა ზომისაა.
თუმცა თუ გაუმსკდარი ანევრიზმა დიდი ზომისაა, შესაძლოა ტვინის ქსოვილსა და ნერვს აწვებოდეს და გარკვეულ სიმპტომებს იწვევდეს, მაგალითად, შესაძლოა გამოვლინდეს:
- ტკივილი ერთი თვალის უკან ან ზედა არეში;
- თვალის გუგის გაგანიერება;
- გარკვეული ცვლილება მხედველობაში ან გაორებული მხედველობა;
- სახის ერთი ნაწილის დაბუჟება.
გამომწვევი მიზეზი
თავის ტვინის ანევრიზმის გამომწვევი მიზეზი უცნობია, თუმცა რიგი ფაქტორები მნიშვნელოვნად ზრდის რისკს.
ანევრიზმა თავის ტვინში უფრო ხშირად აწუხებთ ზრდასრულებს; პათოლოგია ქალებში მეტადაა გავრცელებული.
რისკ-ფაქტორებს განეკუთვნება ხანდაზმულობა, თამბაქო, მაღალი არტერიული წნევა, ჭარბი დოზით ალკოჰოლი და სხვა.
ზოგიერთი ტიპის ანევრიზმა თავის არეში მიღებული ტრავმის, დაზიანების შემდეგ ყალიბდება.
ასევე საყურადღებოა ზოგიერთი თანდაყოლილი დაავადებაც, რომელიც წლების შემდეგ ანევრიზმის განვითარების რისკ-ფაქტორად იქცევა.
წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/brain-aneurysm/symptoms-causes/syc-20361483