რა არის დერმატიტი?
დერმატიტი არის ზოგადი ტერმინი, რომელიც ნიშნავს კანის ანთებას, გაღიზიანებას.
დერმატიტი გავრცელებული მდგომარეობაა, რომელსაც სხვადასხვა მიზეზი იწვევს და შესაძლოა ბევრი ფორმით გამოიხატოს.
დერმატიტის დროს კანი შეწითლებული, გამომშრალი, შესიებული და გაღიზიანებულია. ჩნდება გამონაყარი და ქავილის სურვილი. დერმატიტის მაგალითებია ატოპიური დერმატიტი (ეგზემა), ქერტლი და კონტაქტური დერმატიტი.
როგორც სტატიაში ვკითხულობთ, დერმატიტი არ არის გადამდები, მაგრამ პაციენტში იწვევს დისკომფორტს. დამატენიანებელი საშუალებების რეგულარული მოხმარება სიმპტომების გაკონტროლებაში დაგეხმარებათ. მკურნალობის კურსი შესაძლოა მოიცავდეს სამკურნალო მალამოს, კრემსა და შამპუნს.
სიმპტომები
დერმატიტის ყველა ტიპი განსხვავებულია და სხეულის სხვადასხვა არეზე ვითარდება, შესაბამისად, თითოეულ ფორმას დამახასიათებელი სიმპტომები თუ ნიშნები აქვს. განვიხილოთ დეტალურად!
ატოპიური დერმატიტი (ეგზემა)
ჩვეულებრივ, ეგზემა ვითარდება ჩვილობაში.
ატოპიური დერმატიტისთვის დამახასიათებელია წითელი, ქავილის გამომწვევი გამონაყარი იდაყვის, მუხლის უკანა და კისრის არეში. ქავილის ან გაკაწვრის გამო გამონაყარში შესაძლოა სითხე ჩადგეს და ფუფხით დაიფაროს. ეგზემა შესაძლოა ალაგდეს, მაგრამ შემდეგ კვლავ გამწვავდეს.
კონტაქტური დერმატიტი
ამ ტიპის დერმატიტის დროს წითელი, ქავილის გამომწვევი გამონაყარი ჩნდება მაშინ, როცა კანს შეეხება ისეთი ნივთიერება, რომელიც მას აღიზიანებს ან ალერგიულ რეაქციას იწვევს.
შესაძლოა გაჩნდეს ერთგვარი წყლის ბუშტუკოვანი გამონაყარიც.
სებორეული დერმატიტი
სებორეული დერმატიტი იწვევს ქერცლიან, ქერცლით დაფარულ ლაქებს, კანის სიწითლესა და ქერტლს.
სებორეული დერმატიტი, როგორც წესი, ვითარდება სახეზე, გულმკერდსა და ზურგზე.
ხასიათდება ხანგრძლივი მიმდინარეობით, აქვს გაუმჯობესების პერიოდიც და შემდეგ სეზონური გამწვავება.
ფოლიკულური ეგზემა
გაღიზიანების გამო კანი სქელდება და ვითარდება გამონაყარი თმის ფოლიკულზე.
გამომწვევი მიზეზები
ისევე როგორც სიმპტომები, გამომწვევი მიზეზიც იმაზეა დამოკიდებული თუ რა ტიპის დერმატიტთან გვაქვს საქმე.
ატოპიური დერმატიტი
ატოპიური დერმატიტის გამომწვევი მიზეზი შესაძლოა იყოს მშრალი კანი, გენეტიკური ვარიაცია, იმუნური სისტემის დისფუნქცია, კანის ინფექცია, საკვები, ალერგენი.
კონტაქტური დერმატიტი
აღნიშნული ფორმა ყალიბდება კანის გაღიზიანების ან ალერგიული რეაქციის გამო.
კანის გაღიზიანება შესაძლოა გამოიწვიოს ჭინჭარმა, სუნამომ, სამკაულმა, საწმენდმა საშუალებებმა, კრემის ან ლოსიონის შემადგენლობაში არსებულმა კონსერვანტებმა.
სებორეული დერმატიტი
სებორეული დერმატიტის გამომწვევი მიზეზია სოკო, რომელიც კანის ცხიმოვანი სეკრეციის დროს ჩნდება.
წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/dermatitis-eczema/symptoms-causes/syc-20352380