ყაბზობა, ანუ შეკრულობა ნაწლავის დაყოვნებული, გაძნელებული ან არასრული დაცლაა.
შეკრულობა ხშირად აღენიშნებათ იმ პირებს, რომლებიც ფიზიკურად ნაკლებად აქტიურები არიან. შეკრულობა ხშირად ვლინდება ხანდაზმულებში.
სხვებთან შედარებით ყაბზობა ხშირია გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის მქონე პირებში.
გასათვალისწინებელია ორსულობა - მოგეხსენებათ, ორსულობის დროს რიგი ჰორმონული ცვლილებები მიმდინარეობს და ამ პროცესის გამო სავსებით შესაძლებელია ყაბზობა განვითარდეს.
გაითვალისწინეთ, რომ შეკრულობა თავს იჩენს ისეთ სიტუაციაშიც, როცა ადამიანის ცხოვრების წესი იცვლება. აღსანიშნავია, რომ ყაბზობა იშვიათად აწუხებთ იმ ადამიანებს, რომელთა კვების რაციონშიც რეკომენდებული დოზითაა საკვები ბოჭკო.
რა არის ქრონიკული ყაბზობა?
ქრონიკული ყაბზობა არის ნაწლავის არარეგულარული მოქმედება ან განავლის გამოდევნის გართულება, რომელიც რამდენიმე კვირით, ან მეტი ხნით გრძელდება.
ქრონიკული ყაბზობის გამო ადამიანს შესაძლოა გაუჭირდეს ყოველდღიური საქმიანობის შესრულება. ქრონიკული ყაბზობის მკურნალობა დამოკიდებულია პათოლოგიის გამომწვევ მიზეზზე, თუმცა ზოგიერთ კლინიკურ შემთხვევაში მიზეზი უცნობია.
სიმპტომები
ქრონიკული ყაბზობის სიმპტომებია:
- კვირაში სამჯერ ნაკლები დეფეკაცია;
- მყარი, გამაგრებული განავალი;
- კუჭის მოქმედების დროს ჭინთვა;
- შეგრძნება თითქოს სწორ ნაწლავში რაღაც ბლოკავს და ხელს უშლის კუჭის მოქმედებას;
- დაუცლელობის შეგრძნება (თითქოს სწორი ნაწლავიდან განავალი ბოლომდე არ გადის);
- იძულებული ხართ, რომ მუცელზე ხელი დააჭიროთ, რათა განავლის გამოყოფის პროცესი გამარტივდეს.
ყაბზობას ეწოდება ქრონიკული თუ სტატიაში წარმოდგენილი ნიშნებიდან 2 ან მეტი სიმპტომი გაწუხებთ 3 თვეზე მეტია.
გართულებული შემთხვევა
ქრონიკული ყაბზობის გართულებულ შემთხვევაში შესაძლოა განვითარდეს:
- ბუასილი;
- ანალური ნაპრალი;
- ნაწლავში ფეკალური ჩაჭედვა;
- რექტალური პროლაფსი.
წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/constipation/symptoms-causes/syc-20354253