ახალშობილთა სიყვითლე

ახალშობილთა სიყვითლე

რა უნდა იცოდეთ ახალშობილთა სიყვითლის შესახებ?

ახალშობილთა სიყვითლე არის მდგომარეობა, რომლის დროსაც ჩვილის კანი და თვალები ყვითელი შეფერილობისაა.

ახალშობილთა სიყვითლე ვითარდება ბავშვის სისხლში ბილირუბინის (ერითროციტების ყვითელი პიგმენტი) სიჭარბის გამო. ახალშობილთა სიყვითლე ხშირია და განსაკუთრებით 38 კვირაზე ადრე დაბადებულ ჩვილებსა და ძუძუთი კვებაზე მყოფ ზოგიერთ ბავშვში.

ჩვეულებრივ, სიყვითლის მიზეზია ის, რომ ბავშვის ღვიძლი საკმარისად განვითარებული არაა სისხლში არსებული ბილირუბინის მოსანელებლად. ზოგიერთ შემთხვევაში ახალშობილთა სიყვითლის გამომწვევი მიზეზი სხვა დაავადებაა.

სიმპტომები

ახალშობილთა სიყვითლის მთავარი ნიშანი კანისა და თვალის თეთრი ნაწილის სიყვითლეა და ეს სიმპტომი, როგორც წესი, დაბადებიდან მეორე ან მეოთხე დღეს ვლინდება.

ახალშობილთა სიყვითლეზე ეჭვის შემთხვევაში, კანის შეფერილობა უნდა შეამოწმოთ ბუნებრივ განათებაზე.

როდის მივმართოთ ექიმს?

აღსანიშნავია, რომ ბევრ სამშობიაროში გაწერამდე ამოწმებენ ახალშობილს სიყვითლეზე.

თუმცა ეს ნიშნები და სიმპტომები შესაძლოა მწვავე სიყვითლეზე ან ჭარბი რაოდენობით ბილირუბინის მიერ გამოწვეულ გართულებულ შემთხვევაზე მიუთითებდეს.

დაუკავშირდით ექიმს თუ შენიშნეთ შემდეგი:

  • ბავშვის კანი უფრო მეტად გაყვითლდა;
  • ჩვილის მუცლის, მკლავებისა ან ფეხების კანი ყვითელი შეფერილობისაა;
  • თვალის თეთრი ნაწილი შეყვითლებულია;
  • პატარა ავადაა, მოდუნებულია ან უჭირს გამოფხიზლება;
  • ცუდად იკვებება ან არ იმატებს რეკომენდებულ წონას;
  • ხმამაღლა ტირის;
  • ავლენს სხვა ისეთ ნიშანსა თუ სიმპტომს, რომელიც გაღელვებთ ან უჩვეულოდ გეჩვენებათ.

გამომწვევი მიზეზი

ახალშობილთა სიყვითლის მთავარი გამომწვევი მიზეზი ბილირუბინის ჭარბი რაოდენობაა.

ახალშობილთა ორგანიზმში ზრდასრულებთან შედარებით მეტი რაოდენობით ერითროციტების ყვითელი პიგმენტი გამოიყოფა.

ნორმაში ღვიძლი ფილტრავს ბილირუბინს სისხლიდან და გადააქვს კუჭ-ნაწლავში. ახალშობილის ჯერ კიდევ განუვითარებელი ღვიძლი ხშირად ვერ ახერხებს ბილირუბინის სწრაფად გადაცემას, რის გამოც ბილირუბინი დიდი რაოდენობით გროვდება. ამ ტიპის სიყვითლე ცნობილია ახალშობილთა ფიზიოლოგიური სიყვითლის სახელწოდებით და როგორც წესი, ვითარდება დაბადებიდან მეორე ან მესამე დღეს.

სხვა გამომწვევი მიზეზები

გასათვალისწინებელია, რომ სიყვითლის მიზეზი შესაძლოა იყოს დარღვევა. ამ კლინიკურ შემთხვევებში ფიზიოლოგიურ სიყვითლესთან შედარებით სიყვითლე ვითარდება უფრო ადრე ან გვიან.

სიყვითლეს შესაძლოა იწვევდეს შემდეგი დაავადებები:

  • შინაგანი სისხლდენა;
  • სეფსისი;
  • სხვა ვირუსული ან ბაქტერიული ინფექცია;
  • დედისა და ჩვილის სისხლის შეუთავსებლობა;
  • ღვიძლის პათოლოგია;
  • ნაღვლის ატრეზია;
  • ფერმენტის ნაკლებობა;
  • ბავშვის სისხლის წითელი უჯრედების პათოლოგია.

 

წყარო:

https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/infant-jaundice/symptoms-causes/syc-20373865