რა არის პოლიციტემია ვერა?
პოლიციტემია ვერა იშვიათი დაავადებაა. აღნიშნული პათოლოგიის გამო ძვლის ტვინი ჭარბი რაოდენობით ერითროციტებს (სისხლის წითელი უჯრედები) წარმოქმნის. ჭარბი რაოდენობით უჯრედი ასქელებს სისხლს, აქვეითებს სისხლის მიდინების პროცესს და იწვევს სერიოზულ გართულებებს, მაგალითად, თრომბს.
დაავადება დროთა განმავლობაში და ნელა ვითარდება, პათოლოგია შეიძლება ორგანიზმში იყოს და იმდენად უსიმპტომოდ მიმდინარეობდეს, პაციენტმა არაფერი იცოდეს.
როგორც წესი, კლინიკურ შემთხვევათა უმეტეს ნაწილში პოლიციტემია ვერას დიაგნოსტირება ხდება სრულიად სხვა მიზეზით აღებული სისხლის ანალიზის დროს.
პოლიციტემია ვერა სიცოცხლისთვის საშიში პათოლოგიაა და მკურნალობას საჭიროებს.
მკურნალობის კურსით დაავადების ნიშნებისა და სიმპტომების შემსუბუქება და მდგომარეობის გართულების პრევენციაა შესაძლებელი.
სიმპტომები
როგორც უკვე მოგახსენეთ, პათოლოგია უმეტესად სრულიად უსიმპტომოდ მიმდინარეობს.
თუმცა თუ სიმპტომატიკა გამოვლინდა, პათოლოგიისთვის დამახასიათებელი ყველაზე სპეციფიკური ნიშნებია შემდეგი:
- ქავილი, განსაკუთრებით თბილი აბაზანის ან შხაპის მიღების შემდეგ;
- დაბუჟების, ჩხვლეტის, წვის ან სისუსტის შეგრძნება ზედა და ქვედა კიდურებში;
- გადიდებული ელენთის გამო საკვების მიღების შემდეგ მალევე სისავსის შეგრძნება, შებერილობა ან ტკივილი მუცლის არეში;
- უჩვეულო სისხლდენა (მაგალითად, ცხვირიდან ან ღრძილიდან);
- ერთი სახსრის მტკივნეული შესიება;
- დაწოლისას სუნთქვის უკმარისობა ან სუნთქვის გაძნელება.
გამომწვევი მიზეზი
პოლიციტემია ვერა ვითარდება მაშინ, როდესაც გენის მუტაცია იწვევს პრობლემებს სისხლის უჯრედების წარმოქმნის პროცესში.
სამწუხაროდ, პოლიციტემია ვერას გენის მუტაციის გამომწვევი მიზეზი უცნობია, თუმცა მეცნიერთა აზრით, ამას კავშირი არ აქვს მშობლისგან მიღებულ გენეტიკასთან.
დაავადება შესაძლოა ჩამოყალიბდეს ნებისმიერ ასაკში, მაგრამ გაცილებით ხშირია 50-დან 75 წლამდე ასაკის პაციენტებში.
წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/polycythemia-vera/symptoms-causes/syc-20355850