სპლენექტომია - რა შემთხვევაში დგება ელენთის ამოკვეთის საჭიროება?

სპლენექტომია - რა შემთხვევაში დგება ელენთის ამოკვეთის საჭიროება?

რა არის სპლენექტომია?

ელენთის ამოკვეთას სამედიცინო ენაზე სპლენექტომია ეწოდება.

რა ფუნქციას ასრულებს ელენთა?

ელენთა მარცხენა ფერდქვეშა მიდამოში მდებარეობს. იგი იმუნური სისტემის ყველაზე მსხვილი ორგანოა და ჩართულია სისხლის მიმოქცევისა და ლიმფური სისტემის ფუნქციონირებაში. როგორც სტატიაში ვკითხულობთ, მისი დახმარებით, ორგანიზმი ებრძვის ინფექციას და ფილტრავს უვარგის, უსარგებლო მასალას.

რა შემთხვევაში ინიშნება სპლენექტომია?

სპლენექტომიის ჩატარების ყველაზე გავრცელებული მიზეზი პერფორირებული ელენთაა.

სპლენექტომიის საჭიროება დგება იმ კლინიკურ შემთხვევებშიც, როცა ელენთის გადიდება სისხლში რიგ პათოლოგიურ ცვლილებებს იწვევს.

სპლენექტომიის მეშვეობით, არაერთი დაავადებისა თუ მდგომარეობის განკურნება ან მართვაა შესაძლებელი.

სპლენექტომია შესაძლოა საჭირო გახდეს ისეთი მდგომარეობის დროს როგორიცაა:

  • ელენთის პერფორირება;
  • ელენთის გადიდება;
  • იდიოპათიური თრომბოციტოპენიური პურპურა;
  • პოლიციტემია ვერა;
  • თალასემია;
  • ქრონიკული ლიმფოციტური ლეიკემია;
  • ჰოჯკინის ლიმფომა;
  • არაჰოჯკინის ლიმფომა;
  • ბუსუსოვან-უჯრედოვანი ლეიკემია;
  • მწვავე ინფექცია;
  • კისტა ან სიმსივნე.

ოპერაცია ღია წესით და ლაპაროსკოპიული ქირურგია

ელენთის ამოკვეთა ტარდება როგორც ღია წესით, ისე ლაპაროსკოპიული მეთოდით.

აღსანიშნავია, რომ ლაპაროსკოპიის დროს ქირურგს არ უწევს დიდი განაკვეთის გაკეთება და ღია წესის ოპერაციასთან შედარებით, ლაპაროსკოპიული სპლენექტომიის დროს სისხლის დანაკარგი გაცილებით ნაკლებია, ხანმოკლეა სტაციონარში პოსტოპერაციული დაყოვნების დროც, მინიმუმამდე მცირდება ჭრილობის გართულების რისკი, პაციენტიც დროულად უბრუნდება აქტიური ცხოვრების წესს.

ცხოვრება ელენთის გარეშე

ელენთის გარეშე ცხოვრება შესაძლებელია.

სპლენექტომიის შემდეგ სხვა ორგანოები ითვისებენ იმ ფუნქციათა უმეტესობას, რასაც ოპერაციამდე ორგანიზმში ელენთა ასრულებდა.

როგორც სტატიაში ვკითხულობთ, ელენთის ამოკვეთის გამო არ იზღუდება ადამიანის ფიზიკური აქტივობის დონე, თუმცა იზრდება ინფექციის ან გაციების რისკი.

აღსანიშნავია, რომ მნიშვნელოვნად იზრდება ინფექციური დაავადებების რისკი, შესაბამისად, პაციენტმა უნდა ჩაიტაროს ვაქცინაცია პნევმონიის, ჰემოფილუს ინფლუენსას, გრიპისა და მენინგოკოკის წინააღმდეგ.

ზოგიერთ კლინიკურ შემთხვევაში პაციენტი ექიმის დანიშნულების მიხედვით, პრევენციის მიზნით, იტარებს ანტიბიოტიკურ თერაპიას; ეს მეთოდი განკუთვნილია 5 წლამდე ასაკის პატარებისა და იმ პირისთვის, ვისაც სხვა თანმხლევი პათოლოგია/დაავადება აქვს და შესაბამისად, სერიოზული ინფექციის განვითარების რისკის წინაშე იმყოფება.

 

წყარო :  

https://www.mayoclinic.org/tests-procedures/splenectomy/about/pac-20395066