როგორ ამოვიცნოთ ბოტულიზმი?

როგორ ამოვიცნოთ ბოტულიზმი?

რა არის ბოტულიზმი?

ბოტულიზმი იშვიათი, მაგრამ სერიოზული, მძიმე მდგომარეობაა, რომელსაც იწვევს ბაქტერიის სახელწოდებით კლოსტრიდიუმ ბოტულინუმის მიერ გამოყოფილი ტოქსინები.

მედიკოსები ერთმანეთისგან გამოყოფენ ბოტულიზმის 3 ძირითად ფორმას, კერძოდ:

  • საკვებისმიერი ბოტულიზმი;
  • ჭრილობის ბოტულიზმი;
  • ჩვილთა ბოტულიზმი.

აღსანიშნავია, რომ ბოტულიზმის ყველა ფორმა საყურადღებოა და შესაძლოა ფატალური შედეგიც კი ჰქონდეს - სწორედ ამიტომ საჭიროა გადაუდებელი დახმარება!

სიმპტომები

საკვებისმიერი ბოტულიზმის სიმპტომებია:

  • ყლაპვის ან მეტყველების გაძნელება;
  • პირის სიმშრალე;
  • სახის ორივე მხარეს სისუსტის შეგრძნება;
  • ბუნდოვანი ან გაორებული მხედველობა;
  • ქუთუთოს მოდუნება;
  • სუნთქვის გაძნელება;
  • ღებინება, გულისრევა და კრუნჩხვა მუცლის არეში;
  • დამბლა.

ჭრილობისმიერი ბოტულიზმის დროს ვლინდება:

  • მეტყველების ან ყლაპვის გაძნელება;
  • სახის ორივე მხარეს სისუსტე;
  • ბუნდოვანი ან გაორებული მხედველობა;
  • ქუთუთოების მოდუნება;
  • სუნთქვის გაძნელება;
  • დამბლა.

ჩვილთა ბოტულიზმი ვლინდება შემდეგი ნიშნებითა და სიმპტომებით:

  • ყაბზობა (შეკრულობა ხშირად პირველი ნიშანია);
  • მოდუნებული მოძრაობა კუნთის სისუსტის გამო;
  • პატარას უჭირს თავის სწორ პოზაში გაჩერება;
  • მისუსტებული ტირილი;
  • გაღიზიანება;
  • ნერწყვდენა;
  • ქუთუთოების მოდუნება;
  • დაღლილობა;
  • დაქვეითებულია ძუძუს წოვის უნარი ან ბავშვს უჭირს საკვების მიღება;
  • დამბლა.

როგორც სტატიაში ვკითხულობთ, ბოტულიზმის დროს არ ვლინდება გარკვეული ნიშნები და სიმპტომები, მაგალითად, ბოტულიზმი არ ზრდის არტერიულ წნევას ან არ იწვევს გულისცემის მომატებას. ამასთან, ბოტულიზმის დროს არ ვითარდება სიცხე ან დაბნეულობა. თუმცა ზოგჯერ ჭრილობისმიერი ბოტულიზმის დროს შესაძლოა გამოვლინდეს ტემპერატურა.

როდის მივმართოთ ექიმს?

გამოიძახეთ გადაუდებელი სასწრაფო დახმარება თუ ეჭვობთ რომ ბოტულიზმი გაქვთ; გახსოვდეთ, ადრეული მკურნალობა ზრდის პაციენტის გადარჩენის შანსს და მნიშვნელოვნად ამცირებს გართულების რისკს.

აუცილებელია საქმის კურსში ჩააყენოთ შესაბამისი ორგანოები და სხვა ადამიანები დაიცვათ დაბინძურებული, ჯანმრთელობისთვის საშიში საკვებისგან.

ცნობისათვის, ბოტულიზმი ადამიანიდან ადამიანს არ გადაეცემა.

გამომწვევი მიზეზი

საკვებისმიერი ბოტულიზმი

საკვებისმიერი ბოტულიზმის ხშირი გამომწვევი მიზეზი სახლში მოხუფული/დაკონსერვებული ის საკვებია, რომელშიც მცირე დოზითაა მჟავა (მაგალითად, ხილი, ბოსტნეული და თევზი).

ჭრილობისმიერი ბოტულიზმი

როცა ბაქტერია ჭრილობაში აღწევს, მრავლდება და ტოქსინებს გამოყოფს. ზოგჯერ დაზიანება/ტრავმა, რომელიც ჭრილობას იწვევს, შესაძლოა ვერც კი შენიშნოთ. ჭრილობისმიერი ბოტულიზმი ხშირია ჰეროინის მომხმარებლებში.

ჩვილთა ბოტულიზმი

ბოტულიზმის ეს ფორმა ვითარდება ბაქტერიის სპორების მიღების შედეგად. სპორა ბავშვის საჭმლის მომნელებელ სისტემაში იზრდება და მრავლდება, შესაბამისად, წარმოქმნის ტოქსინებს.

ჩვილთა ბოტულიზმის წყარო შესაძლოა იყოს თაფლი, მაგრამ უფრო ხშირად ბაქტერიით დაბინძურებულ ნიადაგთან კონტაქტია.

 

წყარო:

https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/botulism/symptoms-causes/syc-20370262