რა არის დეპრესია?
მოგეხსენებათ, დეპრესიის ნებისმიერ ფორმას შეუძლია განწყობის ცვლილება, რომლის გამოც პაციენტს ცხოვრებით ტკბობა უჭირს.
ატიპიური დეპრესია არ არის უჩვეულო და იშვიათი. დეპრესიის ეს ფორმა გავლენას ახდენს პაციენტის გრძნობებზე, აზროვნებასა და ქცევაზე - ვლინდება როგორც ემოციური, ისე ფიზიკური პრობლემები. სავსებით შესაძლებელია გაგიჭირდეთ ყოველდღიური საქმიანობის შესრულება.
ატიპიური დეპრესიის დროს ინიშნება მედიკამენტური თერაპია და ფსიქოთერაპია. ამასთან, მკურნალობის კურსზე დადებითად აისახება ცხოვრების სტილის ცვლილება.
სიმპტომები
ატიპიური დეპრესიის სიმპტომები განსხვავებულია, თუმცა უმეტესად ვლინდება შემდეგი:
- დეპრესია, რომელიც კარგი ამბის ან პოზიტიური მოვლენის გამო დროებით ქრება;
- მადის გაძლიერება ან წონის მატება;
- ხანგრძლივი დროით ძილის მიუხედავად დღის განმავლობაში ძილიანობა;
- სიმძიმის შეგრძნება კიდურებში;
- მომატებული მგრძნობელობა კრიტიკის ან უარყოფის მიმართ, რის გამოც რთულდება პირადი და სოციალური ურთიერთობა, ჩნდება პრობლემა სამსახურში.
აღსანიშნავია, რომ ზოგიერთ ადამიანს შესაძლოა უფრო მწვავე სიმპტომები აწუხებდეს!
თუ თვლით რომ დეპრესია გაქვთ, რეკომენდებულია დროულად მიმართოთ ექიმს, რადგან დროთა განმავლობაში ატიპიური დეპრესიის მდგომარეობა მწვავდება - ნებისმიერი შესაძლო გართულების პრევენციის მიზნით, აუცილებელია დეპრესიის მკურნალობა დაიწყოს საწყის ეტაპზე.
გამოიძახეთ გადაუდებელი სასწრაფო დახმარება თუ გაქვთ ისეთი ფიქრი, რომელმაც შესაძლოა ავნოს თქვენს ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს!
გამომწვევი მიზეზი
ატიპიური დეპრესიის ზუსტი გამომწვევი მიზეზი უცნობია.
როგორც სტატიაში ვკითხულობთ, დეპრესიის ეს ფორმა ხშირად ვლინდება თინეიჯერობაში და ქრონიკული სახე აქვს.
რასაკვირველია, გასათვალისწინებელია გარკვეული ფაქტორების კომბინაციაც.
რისკ-ფაქტორებს განეკუთვნება:
- მემკვიდრეობა;
- ბიპოლარული აშლილობის ისტორია;
- ალკოჰოლის ჭარბი დოზით მიღება;
- ბავშვობაში გადატანილი ტრავმული შემთხვევა;
- გარემოს სტრეს-ფაქტორები.
წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/atypical-depression/symptoms-causes/syc-20369747