როგორ ამოვიცნოთ გასტრიტი?

როგორ ამოვიცნოთ გასტრიტი?

რა არის გასტრიტი?

გასტრიტი მოიცავს იმ მდგომარეობებს, რომელთა საერთოცაა კუჭის ამომფენი გარსის ანთება.

ხშირად გასტრიტის ანთების მიზეზი იმავე ბაქტერიის ინფექციაა, რომელიც თავის მხრივ ხელს უწყობს კუჭის წყლულის განვითარებას.

გასტრიტის ჩამოყალიბებაში გარკვეულ როლს შესაძლოა თამაშობდეს კონკრეტული ტკივილგამაყუჩებელი საშუალებები და ჭარბი დოზით ალკოჰოლი.

როგორც სტატიაში ვკითხულობთ, გასტრიტი შესაძლოა გამოვლინდეს უეცრად, მოულოდნელად (მწვავე გასტრიტი) ან განვითარდეს დროთა განმავლობაში (ქრონიკული გასტრიტი).

ზოგიერთ კლინიკურ შემთხვევაში გასტრიტმა შესაძლოა გამოიწვიოს წყლული - სავსებით შესაძლებელია გაზარდოს კუჭის კიბოს განვითარების რისკი.

თუმცა უმეტეს შემთხვევაში გასტრიტი არ არის სერიოზული პათოლოგია და ეფექტურად ექვემდებარება მკურნალობის კურსს, შესაბამისად, სწრაფად უმჯობესდება პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა.

სიმპტომები

გასტრიტის ნიშნები და სიმპტომებია:

  • შემაწუხებელი, მწველი ტკივილი მუცლის ზედა ნაწილში, რომელიც უარესდება ან უმჯობესდება საკვების მიღების შემდეგ;
  • გულისრევა;
  • ღებინება;
  • ჭამის შემდეგ სისავსის შეგრძნება მუცლის ზედა ნაწილში.

აღსანიშნავია, რომ ზოგჯერ გასტრიტი უსიმპტომოდაც მიმდინარეობს, ანუ არ ვლინდება მისთვის დამახასიათებელი ნიშნები და სიმპტომები.

როდის მივმართოთ ექიმს?

თითქმის ყველა ადამიანს გამოუცდია საჭმლის მომნელებელი სისტემის აშლილობა და კუჭის გაღიზიანება. უმეტეს შემთხვევაში საჭმლის მომნელებელი სისტემის დარღვევა დროებითია (ხანმოკლე) და არ საჭიროებს სამედიცინო ჩარევას, ეფექტურია მკურნალობა სახლის პირობებში.

თუმცა აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს თუ გასტრიტის სიმპტომები და ნიშნები გაწუხებთ კვირაზე მეტია.

თუ კუჭის პრობლემა განვითარდა რომელიმე მედიკამენტის მიღების შემდეგ, ეს ინფორმაცია აუცილებლად უნდა მიაწოდოთ ექიმს!

სასწრაფოდ მიმართეთ კლინიკას თუ აღებინეთ სისხლი ან შენიშნეთ სისხლი განავალში, ან შეამჩნიეთ რომ განავალი შავი ფერისაა!

გამომწვევი მიზეზი

როგორც უკვე მოგახსენეთ, გასტრიტი კუჭის ამომფენი გარსის ანთებაა. ლორწოთი ამოფენილი გარსის ბარიერის, რომელიც თქვენი კუჭის კედელს იცავს, დასუსტების ან ტრავმის შემთხვევაში საჭმლის მომნელებელ წვენს კუჭის ამომფენი გარსის დაზიანება შეუძლია, ასევე დიდია ანთების განვითარების რისკი.

გასტრიტის ჩამოყალიბებას ხელს უწყობს არაერთი დაავადება და მდგომარეობა, მაგალითად, კრონის დაავადება და სარკოიდოზი.

გასტრიტის ჩამოყალიბებას ხელს უწყობს შემდეგი რისკ-ფაქტორები:

  • ბაქტერიული ინფექცია;
  • ტკივილგამაყუჩებლების რეგულარული მიღება;
  • ხანდაზმულობა;
  • ჭარბი დოზით ალკოჰოლი;
  • სტრესი;
  • აუტოიმუნური გასტრიტი;
  • კრონის დაავადება;
  • პარაზიტული ინფექცია.

 

წყარო:     

https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/gastritis/symptoms-causes/syc-20355807