რა არის ანალური ნაპრალი?
ანალური ნაპრალი არის პატარა, მცირე ზომის ნახეთქი თხელ, ტენიან ქსოვილში, რომელიც ამოფენს ანუსს.
ანალური ნაპრალი შესაძლოა განვითარდეს დეფეკაციის დროს მყარი ან დიდი ზომის განავალის გამო.
როგორც წესი, ანალური ნაპრალი იწვევს ტკივილსა და სისხლდენას კუჭის მოქმედების დროს. სავსებით შესაძლებელია იგრძნოთ სპაზმი ანუსის გარშემო მდებარე კუნთის არეში.
როგორც სტატიაში ვკითხულობთ, კლინიკურ შემთხვევათა დიდ პროცენტში მდგომარეობა უმჯობესდება ჯანსაღი კვების რაციონით - რეკომენდებულია, პაციენტმა მიირთვას საკვები ბოჭკოთი მდიდარი პროდუქტები.
ზოგიერთი პაციენტი შვებას გრძნობს აბაზანის (მჯდომარე აბაზანა უკანა ტანზე) შემდეგ.
თუმცა ზოგჯერ თვითმკურნალობა არაეფექტურია და საჭირო ხდება მედიკამენტური თერაპია. იშვიათად, მაგრამ შესაძლოა დაინიშნოს ოპერაციაც.
სიმპტომები
ანალური ნაპრალის ნიშნები და სიმპტომებია:
- დეფეკაციის დროს ტკივილი (ზოგჯერ ძლიერი, მწვავე ტკივილი);
- ტკივილი კუჭში გასვლის შემდეგ. ტკივილი შესაძლოა რამდენიმე საათის განმავლობაში გაგრძელდეს;
- დეფეკაციის შემდეგ შესაძლოა შენიშნოთ სისხლი განავალში ან ტუალეტის ქაღალდზე;
- ანუსის გარშემო კანში შესამჩნევი ნაპრალი;
- მცირე ზომის ამობურცულობა ან ერთგვარი მეჭეჭი ანალურ ნაპრალთან არსებულ კანზე.
როდის მივმართოთ ექიმს?
მიმართეთ ექიმს თუ გრძნობთ ტკივილს დეფეკაციის დროს ან კუჭში გასვლის შემდეგ შენიშნეთ სისხლი განავალსა თუ ტუალეტის ქაღალდზე.
გამომწვევი მიზეზები
ანალური ნაპრალის გავრცელებული გამომწვევი მიზეზია:
- მკვრივი, მყარი ან დიდი ზომის განავალი;
- ყაბზობა;
- დაჭიმულობა დეფეკაციის დროს;
- ქრონიკული დიარეა;
- მშობიარობა.
იშვიათად, მაგრამ ანალურ ნაპრალს შესაძლოა იწვევდეს:
- კრონის დაავადება ან ნაწლავის სხვა ანთებითი დაავადება;
- ანალური ხვრელის კიბო;
- შიდსი;
- ტუბერკულოზი;
- სიფილისი.
ანალური ნაპრალი შესაძლოა განვითარდეს ნებისმიერ ასაკში, მაგრამ უმეტესად ვლინდება ჩვილებსა და შუახნის ასაკის ადამიანებში.
პრევენცია
ანალური ნაპრალის პრევენციისთვის რეკომენდებულია თავი დაიცვათ ყაბზობისგან ან დიარეასგან.
სასურველია, თქვენი კვების რაციონი გაამდიდროთ ბოჭკოთი მდიდარი პროდუქტებით.
კვების რაციონის მოწესრიგებასთან ერთად მნიშვნელოვანია ფიზიკური აქტივობაც - ივარჯიშეთ რეგულარულად.
დღის განმავლობაში ხშირად დალიეთ წყალი და შეეცადეთ დეფეკაციის დროს არ დაიჭიმოთ.
წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/anal-fissure/symptoms-causes/syc-20351424