რა არის შიზოფრენია?
შიზოფრენია სერიოზული მენტალური დარღვევაა, რომლის გამოც ადამიანს უჭირს რეალობის სწორად, ადეკვატურად აღქმა.
ფსიქიკურმა დარღვევამ შესაძლოა გამოიწვიოს ჰალუცინაცია. დარღვეული ფიქრისა და ქცევის გამო პაციენტის ყოველდღიური ცხოვრების ტემპი უარესდება.
შიზოფრენიით დაავადებულ ადამიანებს ხანგრძლივი დროით მკურნალობა ესაჭიროებათ. სასურველია, ადრეულ ეტაპზე დაინიშნოს მკურნალობის კურსი - ამ გზით უფრო ეფექტურად მართვადია სიმპტომები, შესაძლებელია დაავადების გართულების პრევენცია.
შიზოფრენიის სიმპტომები
შიზოფრენია მოიცავს შემეცნებითი, ქცევითი და ემოციური პრობლემების მთელ ჯაჭვს.
ნიშნები და სიმპტომები მრავალფეროვანია, თუმცა უმეტესად ვლინდება შემდეგი:
- ილუზია;
- ჰალუცინაცია;
- არეული ფიქრი და მეტყველება;
- უჩვეულო მოტორული ქცევა;
- ნეგატიური სიმპტომები.
მამაკაცებში შიზოფრენიის სიმპტომები, ტიპიურად, 20-დან 30 წლამდე ასაკში (ადრეულ ეტაპზე) ვლინდება, ხოლო ქალბატონებში შედარებით გვიან. აღნიშნული ფსიქიკური დარღვევა იშვიათი, უჩვეულოა ბავშვებსა და 45 წელს გადაცილებულ პირებში.
შიზოფრენიის სიმპტომები თინეიჯერებში
თინეიჯერებში შიზოფრენია ვლინდება ისეთივე სიმპტომებით როგორიც ფიქსირდება ზრდასრულებში. მიუხედავად ამისა თინეიჯერებში დაავადების დიაგნოსტირება ხშირად რთულია, რადგან შიზოფრენიის სიმპტომები სავსებით შესაძლებელია გარდატეხის ასაკისთვის დამახასიათებელ ქცევაში აგერიოთ.
ვლინდება შემდეგი სიმპტომები:
- მეგობრებისგან და ოჯახისგან გარიყვა;
- პრობლემები სკოლაში;
- უძილობა ან ძილთან დაკავშირებული პრობლემები;
- გაღიზიანება ან დეპრესიული განწყობა;
- მოტივაციის ნაკლებობა.
გამომწვევი მიზეზი
შიზოფრენიის ზუსტი გამომწვევი მიზეზი უცნობია, თუმცა მეცნიერთა აზრით, დარღვევის ჩამოყალიბებაში გარკვეულ როლს თამაშობს გენეტიკა, ტვინის ქიმია და გარემო.
მედიკოსები თვლიან, რომ შიზოფრენია ტვინის დაავადებაა.
რისკ-ფაქტორებია:
- შიზოფრენიის ოჯახური ანამნეზი;
- ორსულობის ან მშობიარობის დროს გამოვლენილი შესაძლო გართულებები;
- თინეიჯერულ ან ახალგაზრდა ასაკში მიღებული ფსიქოტროპული მედიკამენტები.
გართულებები
თუ შიზოფრენიას არ უმკურნალებენ, სერიოზული პრობლემები განვითარდება.
შიზოფრენიამ შესაძლოა გამოიწვიოს:
- შფოთვითი აშლილობა;
- ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა;
- დეპრესია;
- ალკოჰოლის ან ნიკოტინის ჭარბი რაოდენობით მოხმარება;
- პაციენტს არ შეუძლია სამსახურში მუშაობა ან სკოლაში სწავლა;
- ფინანსური პრობლემები და უსახლკარობის რისკი;
- სოციალური იზოლაცია;
- აგრესიული ქცევა და სხვა.
მკურნალობა
შიზოფრენიას მკურნალობა მთელი ცხოვრების განმავლობაში, ქრონიკულად სჭირდება.
მდგომარეობის მართვისთვის რეკომენდებულია მედიკამენტური და ფსიქოსოციალური თერაპია. ზოგიერთ კლინიკურ შემთხვევაში აუცილებელია პაციენტის ჰოსპიტალიზაცია.
წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/schizophrenia/diagnosis-treatment/drc-20354449