ყურადღების დეფიციტი ბავშვებში

ყურადღების დეფიციტი ბავშვებში

ყურადღების დეფიციტის/ჰიპერაქტიურობის სინდრომი ქრონიკული მდგომარეობაა.

დარღვევა მილიონობით ბავშვში ვლინდება და ხშირად ზრდასრულ ასაკშიც გრძელდება.

სინდრომი რიგ სიმპტომთა კომბინაციაა, რომელიც მოიცავს როგორც ყურადღების დეფიციტს, ისე ჰიპერაქტიურობასა და იმპულსურ ქცევას.

ყურადღების დეფიციტის მქონე ბავშვები აწყდებიან სირთულეებს სკოლაში, გამოხატული აქვთ დაბალი თვითშეფასება, უჭირთ თანატოლებთან ურთიერთობა, ვერც შესაბამისად სწავლობენ.

როგორც სტატიაში ვკითხულობთ, ასაკის მატებასთან ერთად სიმპტომები მსუბუქდება. თუმცა ზოგიერთ კლინიკურ შემთხვევაში სიმპტომები სრულად არასდროს ლაგდება და ადამიანს სინდრომთან თანაცხოვრება, მის სამართავად შესაბამისი სტრატეგიის დასახვა უწევს.

აღნიშნული დარღვევის განკურნების მეთოდი ჯერჯერობით არ არსებობს, მხოლოდ სიმპტომების მართვაა შესაძლებელი.

როგორც წესი, მკურნალობის კურსი მოიცავს როგორც მედიკამენტურ, ისე ქცევით თერაპიას. მდგომარეობის გაუმჯობესებაში დიდ როლს თამაშობს დარღვევის ადრეულ სტადიაზე დიაგნოსტირება და შესაბამისად, დროულად დაწყებული მკურნალობა.

სიმპტომები

უყურადღებობა

ბავშვებში უყურადღებობის მაგალითებია:

  • უჭირს დეტალებზე ყურადღების გამახვილება, დავალების დროს უშვებს დაუდევარ შეცდომებს;
  • დავალების ან თამაშის მიმართ ფოკუსირებას ვერ ახდენს;
  • არ გისმენთ;
  • უჭირს დავალებების ან საქმიანობის ორგანიზება;
  • ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ თავი აარიდოს (ან არ მოსწონს) ისეთ დავალებას, რომელიც მენტალურ დაძაბვას, ფოკუსირებას მოითხოვს;
  • კარგავს ნივთებს, მაგალითად, სათამაშოებს, ფანქრებს, კალმებს და სხვა;
  • მარტივად იბნევა.

ჰიპერაქტიურობა და იმპულსურობა

ბავშვებში ჰიპერაქტიურობისა და იმპულსურობის სიმპტომებია:

  • მოუსვენარია, მუდმივად წრიალებს;
  • უჭირს საკლასო ოთახში ან სხვა სიტუაციებში დიდხანს ჯდომა;
  • გარემოსთან შეუსაბამოდ, შეუფერებლად დარბის ან ხოხავს;
  • ვერ ახერხებს წყნარად, უხმაუროდ ითამაშოს ან ჩაერთოს საქმიანობაში;
  • ძალიან ბევრს ლაპარაკობს;
  • გაწყვეტინებთ შეკითხვას და პასუხიც არაადეკვატური აქვს;
  • უჭირს მშვიდად დაელოდოს საკუთარ რიგს;
  • არღვევს ან იჭრება სხვების საუბარში, თამაშში ან აქტივობებში.

როდის მივმართოთ ექიმს?

დროდადრო ბევრი ჯანმრთელი პატარა ადამიანი არის უყურადღებო, ჰიპერაქტიური ან იმპულსური.

ბავშვები ბუნებით ენერგიულები არიან. რასაკვირველია, სულაც არ ნიშნავს, რომ პატარას ყურადღების დეფიციტი/ჰიპერაქტიურობის დარღვევა აქვს მხოლოდ იმიტომ რომ დედმამიშვილებისგან თუ მეგობრებისგან განსხვავდება.

ექიმს მიმართეთ თუ შვილის ქცევა გაშფოთებთ. პედიატრი მიხვდება პატარა ადამიანს სჭირდება თუ არა სპეციალისტის დახმარება.

გამომწვევი მიზეზები

სინდრომის ზუსტი გამომწვევი მიზეზი უცნობია.

მეცნიერთა აზრით, დარღვევის ჩამოყალიბებაში გარკვეულ როლს თამაშობს გენეტიკა, გარემო, ცენტრალურ ნერვულ სისტემაში აღმოცენებული პრობლემები.

 

წყარო:

https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/adhd/symptoms-causes/syc-20350889