რა არის კბილის აბსცესი?
კბილის აბსცესი წარმოადგენს მდგომარეობას, რომლის დროსაც პირის ღრუში ჩირქი ბაქტერიული ინფექციის გამო გროვდება.
აბსცესი შესაძლოა განვითარდეს სხვადასხვა მიზეზით და კბილის სხვადასხვა არეში, მაგალითად, პერიაპიკალური აბსცესი ჩნდება ფესვის წვერზე, ხოლო პერიოდონტალური ფორმა ფესვის გარშემო ღრძილზე.
როგორც სტატიაში ვკითხულობთ, პერიაპიკალური კბილის აბსცესი, ჩვეულებრივ, არანამკურნალევი კარიესის, დაზიანების ან სტომატოლოგიური ჩარევის შედეგად ვითარდება.
სტომატოლოგი კბილის აბსცესს დრენირებით მკურნალობს და სწორედ ამ გზით ქრება ინფექცია. ზოგიერთ კლინიკურ შემთხვევაში ექიმი კბილის შენარჩუნებას ახერხებს, მაგრამ ზოგჯერ კბილის ამოღება ერთადერთი გამოსავალია.
თუ კბილის აბსცესს არ უმკურნალებთ, სერიოზული და სიცოცხლისთვის საშიში გართულებები განვითარდება.
სიმპტომები
კბილის აბსცესის ნიშნები და სიმპტომებია:
- მწვავე, მუდმივი, მფეთქავი კბილის ტკივილი, რომელიც ვრცელდება ყბის ძვალზე, ყურზე ან კისერზე;
- ცივ და ცხელ ტემპერატურაზე მომატებული მგრძნობელობა;
- ღეჭვის ან ჩაკბეჩის დროს მგრძნობელობა;
- სიცხე;
- შესიება/შეშუპება სახის ან ლოყების არეში;
- შესიებული ლიმფური კვანძები ყბის ქვეშ ან კისერში;
- სუნთქვის ან ყლაპვის გაძნელება.
გამომწვევი მიზეზი
პერიაპიკალური კბილის აბსცესი ვითარდება მაშინ, როდესაც ბაქტერია კბილის პულპაში იჭრება.
პულპა წარმოადგენს კბილის ყველაზე ღრმა ნაწილს, რომელიც სისხლძარღვებისგან, ნერვებისა და შემაერთებელი ქსოვილებისგან შედგება.
ბაქტერია კარიესის ან ბზარის მეშვეობით კბილში აღწევს და ღრმად იჭრება ფესვისკენ. ბაქტერიული ინფექცია იწვევს ფესვის წვერის შესიებასა და ანთებას.
კბილის აბსცესის განვითარებას ხელს უწყობს ისეთი რისკ-ფაქტორები როგორიცაა:
- პირის ღრუს ცუდი ჰიგიენა;
- კვების რაციონში დიდი რაოდენობით შაქრის შემცველი საკვები და სასმელი;
- პირის სიმშრალე.
გართულებული შემთხვევები
თუ აბსცესის დრენირება არ მოხდა, ინფექცია გავრცელდება ყბის, კისრის ან თავის სხვა არეში.
სავსებით შესაძლებელია პაციენტს განუვითარდეს სეფსისი, რომელიც სიცოცხლისთვის საშიშ ინფექციას წარმოადგენს - ინფექცია მთელ ორგანიზმში ვრცელდება!
განსაკუთრებული ყურადღება მართებთ იმ ადამიანებს, ვისაც სუსტი იმუნიტეტი აქვთ, რადგან დაქვეითებული იმუნური სისტემის გამო ინფექციის რისკი გაცილებით მაღალია.
წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/tooth-abscess/symptoms-causes/syc-20350901