რა არის ცრემლდენა, თვალების აცრემლება?
სამედიცინო ენაზე ამ მდგომარეობას ეპიფორა ეწოდება და ხასიათდება მუდმივი ან ჭარბი ცრემლდენით.
რასაკვირველია, გასათვალისწინებელია გამომწვევი მიზეზი, მაგრამ უმეტესად ცრემლდენა თავისთავად ქრება.
თვალების აცრემლება ხშირად ეფექტურად ექვემდებარება თვითმკურნალობას სახლის პირობებში და განსაკუთრებით იმ კლინიკურ შემთხვევებში, როცა ეპიფორა ანთებით ან თვალების სიმშრალითაა გამოწვეული.
გამომწვევი მიზეზი
მუდმივი ან ჭარბი რაოდენობით თვალების აცრემლების გამომწვევი მიზეზი მრავალფეროვანია, გასათვალისწინებელია არაერთი ხელშემწყობი ფაქტორი და მდგომარეობა.
მაგალითად, ჩვილებში ცრემლიანი თვალების ხშირი მიზეზია საცრემლე არხის დახშობა ან ხელშემწყობი ფაქტორია ის, რომ პირველ რამდენიმე თვეში ახალშობილის საცრემლე არხი ბოლომდე გახსნილი/ღია არაა.
ხანდაზმულებში მუდმივ ცრემლდენას შესაძლოა იწვევდეს ქუთუთოს კანის მოდუნება.
ზოგჯერ მიზეზი ცრემლის ჭარბი რაოდენობით გამომუშავებაა.
თვალების აცრემლებაში გარკვეულ როლს თამაშობს ვირუსული ინფექციები, ალერგია და ანთება.
როგორც სტატიაში ვკითხულობთ, სავსებით შესაძლებელია თვალების აცრემლება რომელიმე მედიკამენტის გვერდითი ეფექტი იყოს.
ცრემლდენის ყველაზე ხშირი მიზეზებია:
- ალერგია;
- ქუთუთოს ანთება;
- საცრემლე არხის დახშობა;
- გაციება;
- მშრალი თვალის სინდრომი;
- ქუთუთოს გადმობრუნება, ანუ ექტროპიონი;
- თვალში უცხო სხეული;
- ალერგიული რინიტი;
- ტრიქიაზი (წამწამების არასწორი ზრდა);
- რქოვანას ანთება;
- კონიუნქტივიტი;
- ჯიბლიბო;
- საცრემლე არხის ინფექცია;
- ტრაქომა (ბაქტერიული ინფექცია თვალის არეში).
სხვა გამომწვევი მიზეზებია:
- სახის ნერვის პერიფერიული დამბლა;
- თვალის ტრავმა;
- დამწვრობა;
- ქიმიური ნივთიერების შეშხეფება თვალის არეში;
- ქრონიკული სინუსიტი;
- ანთებითი დაავადება;
- სხივური თერაპია (რადიაციული თერაპია);
- რევმატოიდული ართრიტი;
- სარკოიდოზი;
- სტივენს-ჯონსონის სინდრომი;
- თვალის ან ცხვირის ოპერაცია;
- ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიები;
- სიმსივნე, რომელიც გავლენას ახდენს საცრემლე სისტემაზე.
როდის მივმართოთ ექიმს?
სასწრაფო სამედიცინო დახმარება გჭირდებათ თუ თვალების აცრემლებას თან ახლავს შემდეგი:
- მხედველობის გაუარესება;
- ტკივილი თვალის არეში;
- შეგრძნება თითქოს თვალში უცხო სხეულია.
როგორც უკვე მოგახსენეთ, ხშირ შემთხვევაში ცრემლდენა თავისით ქრება. თუმცა თუ მდგომარეობა არ გაუმჯობესდება, რეკომენდებულია მიმართოთ ოფთალმოლოგს.
წყარო:
https://www.mayoclinic.org/symptoms/watery-eyes/basics/definition/sym-20050821