რა არის რექტალური სისხლდენა?
სწორი ნაწლავიდან სისხლდენა არის მდგომარეობა, როცა სისხლი ანუსიდან მოედინება. ამ ტერმინში (სისხლდენა სწორი ნაწლავიდან) იგულისხმება სისხლდენა მსხვილი ნაწლავიდან ან სწორი ნაწლავიდან. ორგანიზმში სწორი ნაწლავი მსხვილი ნაწლავის მცირე ნაწილს (რამდენიმე სანტიმეტრს) შეადგენს.
რექტალური სისხლდენისას ადამიანი ამჩნევს სისხლს განავალში, უნიტაზში ან ტუალეტის ქაღალდზე. სწორი ნაწლავიდან სისხლდენის დროს სისხლი მკვეთრი წითელია, მაგრამ იშვიათ შემთხვევებში შეიძლება იყოს მუქი წაბლისფერი.
ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ უკანა ტანიდან სისხლდენა ბუასილითაა გამოწვეული, თუმცა თვითნებურად დიაგნოზის დასმა და მკურნალობა დაუშვებელია, რადგან რექტალური სისხლდენა სავსებით შესაძლებელია გაცილებით საშიში დაავადებების, პათოლოგიის გამოვლინება იყოს.
გამომწვევი მიზეზი
როგორც უკვე მოგახსენეთ, სწორი ნაწლავიდან სისხლდენა ბევრი მიზეზით შეიძლება განვითარდეს - განვიხილოთ უფრო დეტალურად.
რექტალური სისხლდენის გავრცელებული მიზეზებია:
- ანალური ნაპრალი;
- ყაბზობა;
- მყარი განავალი;
- ბუასილი.
რექტალური სისხლდენის შედარებით ნაკლებად ხშირი გამომწვევი მიზეზებია:
- ანალური კიბო;
- ანგიოდისპლაზია;
- მსხვილი ნაწლავის კიბო;
- ნაწლავის პოლიპი;
- კრონის დაავადება;
- დიარეა;
- დივერტიკულოზი;
- გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი;
- იშემიური კოლიტი;
- სწორი ნაწლავის ლორწოვანი გარსის ანთება;
- ფსევდომემბრანული კოლიტი;
- სწორი ნაწლავის სოლიტარული წყლულოვანი სინდრომი;
- წყლულოვანი კოლიტი.
როგორც სტატიაში ვკითხულობთ, სწორი ნაწლავიდან სისხლდენა შესაძლოა გამოვლინდეს სხივური თერაპიის (სხივური თერაპია, რადიაციული თერაპია, რადიოთერაპია) შემდეგ.
როდის მივმართოთ ექიმს?
გამოიძახეთ გადაუდებელი სასწრაფო დახმარება თუ გაქვთ რექტალური სისხლდენა და შოკის ნებისმიერი სიმპტომი, მაგალითად:
- სწრაფი, ზერელე სუნთქვა;
- ფეხზე ადგომის შემდეგ თავბრუსხვევა ან გულის წასვლის შეგრძნება;
- ბუნდოვანი მხედველობა;
- გულის წასვლა;
- დაბნეულობა;
- გულისრევა;
- ცივი, წებოვანი, ფერმკრთალი კანი;
- შემცირებული შარდვა.
პაციენტი სასწრაფოდ უნდა გადაიყვანოთ კლინიკის გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტში (ემერჯენსში) თუ შენიშნეთ შემდეგი:
- სწორი ნაწლავიდან სისხლდენა არის ძლიერი და არ ჩერდება;
- რექტალურ სისხლდენას თან ახლავს მწვავე ტკივილი და კრუნჩხვა, სპაზმი მუცლის არეში.
ექიმის კონსულტაცია გჭირდებათ თუ სისხლდენა სწორი ნაწლავიდან გრძელდება დღეზე მეტია ან ერთხელ მაინც შენიშნეთ რექტალური სისხლდენა.
წყარო:
https://www.mayoclinic.org/symptoms/rectal-bleeding/basics/definition/sym-20050740