ფილტვის ფიბროზი - რა იწვევს ფილტვის ქსოვილის დაზიანებას?

ფილტვის ფიბროზი - რა იწვევს ფილტვის ქსოვილის დაზიანებას?

რა არის ფილტვის ფიბროზი?

ფილტვის ფიბროზი არის ფილტვის დაავადება, რომელიც ფილტვის ქსოვილის დაზიანებისა და დანაწიბურების გამო ვითარდება.

შესქელებული და გამაგრებული ქსოვილის გამო ფილტვი სათანადოდ ვეღარ ფუნქციონირებს.

როცა ფილტვის ფიბროზის მდგომარეობა მეტად მწვავდება, პაციენტს სულ უფრო უჭირს სუნთქვა.

სამწუხაროდ, ფიბროზი ძლიერ ვნებს ფილტვს და ამ ზიანის აღდგენა შეუძლებელია, თუმცა მედიკამენტებითა და თერაპიით ზოგჯერ ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება და სიმპტომების შემსუბუქება შესაძლებელია. ზოგიერთ კლინიკურ შემთხვევაში საჭირო ხდება ფილტვის ტრანსპლანტაცია.

სიმპტომები

ფილტვის ფიბროზის მიმდინარეობა და სიმპტომების სიმწვავე ყველა პაციენტში განსხვავებულია. ზოგიერთი ადამიანი ძალიან სწრაფად ავადდება, სხვების შემთხვევაში სიმპტომები დროთა განმავლობაში უარესდება.

ფილტვის ფიბროზის დროს შესაძლოა გამოვლინდეს:

  • სუნთქვის უკმარისობა;
  • მშრალი ხველა;
  • დაღლილობა;
  • უმიზეზოდ წონის კლება;
  • კუნთისა და სახსრის ტკივილი.

 

გამომწვევი მიზეზი

ფილტვის ფიბროზით გამოწვეული ნაწიბურების განვითარებაში სხვადასხვა ფაქტორი მონაწილეობს.

ბევრ კლინიკურ შემთხვევაში ექიმს უჭირს ზუსტი გამომწვევი მიზეზის მითითება. როცა ზუსტი გამომწვევი მიზეზი უცნობია, მდგომარეობას ეწოდება ფილტვის იდიოპათიური ფიბროზი.

ფილტვის ქსოვილის დაზიანება შესაძლოა გამოწვეული იყოს სამედიცინო მდგომარეობით, სხივური თერაპიით, ზოგიერთი მედიკამენტით, ტოქსინებით.

 

ფილტვის დაზიანება შესაძლოა შემდეგი დაავადებების შედეგი იყოს და ეს დაავადებებია:

  • დერმატომიოზიტი;
  • პოლიმიოზიტი;      
  • შემაერთებელი ქსოვილის დაავადება;
  • რევმატოიდული ართრიტი;
  • სარკოიდოზი;
  • სკლეროდერმა;
  • პნევმონია (ფილტვების ანთება) და სხვა.

ზოგიერთი მეცნიერის აზრით, ფილტვის იდიოპათიური ფიბროზის ჩამოყალიბებაში შესაძლოა გარკვეულ როლს თამაშობდეს ვირუსი და თამბაქო.

ზოგიერთ კლინიკურ შემთხვევაში ფილტვის იდიოპათიური ფიბროზის განვითარებას ხელს უწყობს ოჯახური ანამნეზი.

როგორც სტატიაში ვკითხულობთ, ფილტვის ფიბროზით უმეტესად შუახნის ასაკის და ხანდაზმული ადამიანები ავადობენ, თუმცა შესაძლოა დაფიქსირდეს ახალშობილებსა და ბავშვებშიც.

გართულებული შემთხვევები

ფილტვის ფიბროზის გართულებულ შემთხვევაში შესაძლოა გამოვლინდეს:

  • პულმონარული ჰიპერტენზია;
  • რესპირატორული უკმარისობა;
  • ფილტვის კიბო;
  • ფილტვში სისხლის შედედება;
  • ფილტვის ინფექცია;
  • ფილტვის კოლაფსი.

  

წყარო:

https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/pulmonary-fibrosis/symptoms-causes/syc-20353690