ზაფხულში კიდევ უფრო აქტუალური ხდება გარუჯული სხეული და ხშირია მზით დამწვრობა.
მზისგან დამწვარი კანი წითელი შეფერილობისაა, შეხებისას გრძნობთ სიცხეს, სიმხურვალეს, მტკივნეულია. მზეზე დიდხანს ნებივრობით გამოწვეული დამწვრობის მკურნალობას შეიძლება რამდენიმე დღე დასჭირდეს.
მზის სხივებთან ხანგრძლივი და ინტენსიური კონტაქტი კანისთვის მავნებელია და მხოლოდ დამწვრობის, ნაოჭებისა თუ სიმშრალის რისკი როდია - სამწუხაროდ, ასეთ პირობებში მაღალია კანის კიბოს, მელანომას განვითარების რისკი. შესაბამისად, კანი ყოველთვის უნდა დაიცვათ და ღრუბლიან ამინდშიც კი!
მზით დამწვრობა შესაძლოა განვითარდეს სხეულის ნებისმიერ არეში (მაგალითად, ყურის ბიბილო, ტუჩი, სკალპი, ლოყები), მაგრამ თვალები განსაკუთრებით მგრძნობიარეა მზის სხივების მიმართ.
სიმპტომები
დამწვრობისთვის დამახასიათებელი ნიშნები და სიმპტომები მზის სხივებთან კონტაქტის შემდეგ რამდენიმე საათში ჩნდება.
მზისგან დამწვრობის დროს ვლინდება შემდეგი:
- იცვლება კანის ფერი და ან ვარდისფერია, ან წითელი;
- შეხებისას კანი თბილი ან ცხელია;
- ტკივილი;
- შეშუპება;
- პატარა, სითხით სავსე ბებერები;
- მწვავე დამწვრობის დროს თავის ტკივილი, სიცხე, ციებ-ცხელება, გულისრევა, დაღლილობა;
- ტკივილი ან მომატებული მგრძნობელობა თვალის არეში.
როდის მივმართოთ ექიმს?
მიმართეთ ექიმს თუ მზის დამწვრობა:
- წყლულდება და სხეულის დიდ ნაწილს მოიცავს;
- სითხიანი, ერთგვარი ბუშტუკოვანი ბებერები გამოვლინდა სახის, ხელებისა და გენიტალიების არეში;
- განვითარდა მწვავე შეშუპება;
- ვლინდება ინფექციის ნიშნები;
- მდგომარეობა არ გაუმჯობესდა რამდენიმე დღეში.
გამოიძახეთ გადაუდებელი სასწრაფო დახმარება თუ შენიშნეთ:
- მაღალი ტემპერატურა;
- დაბნეულობა;
- საერთო სისუსტე;
- გულის წასვლა;
- დეჰიდრატაცია.
თუ გაქვთ მსუბუქი მზის დამწვრობა რეკომენდებულია:
- გაიგრილეთ კანი. დამწვარ კანზე დაიდეთ სუფთა, სველი პირსახოცი, მიიღეთ გრილი შხაპი;
- კანი დაიტენიანეთ ალოე ვერას შემცველობის ლოსიონით ან გელით, ან მიმართეთ უახლოეს აფთიაქს, სადაც თქვენს დახმარებას შეძლებენ და მალამოს თუ კრემს შეგარჩევინებენ;
- დეჰიდრატაციის თავიდან აცილების მიზნით, ხშირად დალიეთ წყალი;
- დამწვარი კანით მზეზე აღარ გახვიდეთ და ყველაფერი გააკეთეთ იმისთვის, რომ გრილ და მზის სხივებისგან დაცულ სივრცეში იყოთ;
- ვიდრე კანი მოშუშების ეტაპზეა მოერიდეთ ტანზე მოტკეცილი სამოსის ტარებას. ჩაიცვით ისეთი ტანსაცმელი, რომლის ქსოვილიც კანს არ გააღიზიანებს და რომლის ქვეშაც თავისუფლად „სუნთქვას“ შეძლებს.
წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/sunburn/symptoms-causes/syc-20355922