თუ გაწუხებთ თავბრუსხვევა და წყურვილი შესაძლოა გაუწყლოება (დეჰიდრატაცია) გქონდეთ

თუ გაწუხებთ თავბრუსხვევა და წყურვილი შესაძლოა გაუწყლოება (დეჰიდრატაცია) გქონდეთ

რა არის დეჰიდრატაცია?

დეჰიდრატაცია, იგივე გაუწყლოება ყალიბდება მაშინ, როცა მოიხმართ ან ხარჯავთ მეტი რაოდენობის სითხეს. ამ დროს სხეულში აღარ არის საკმარისი წყალი და სხვა ტიპის სითხე, შესაბამისად, ორგანიზმს სათანადოდ ფუნქციონირება უჭირს. თუ დაკარგულ სითხეს არ შეივსებთ, დეჰიდრატაცია განვითარდება.

ნებისმიერი ადამიანია გაუწყლოების რისკის წინაშე, მაგრამ ეს მდგომარეობა განსაკუთრებით სახიფათოა და რთული შედეგი აქვს ბავშვებსა და ხანდაზმულებში.

პატარებში გაუწყლოების ყველაზე გავრცელებული მიზეზი მწვავე დიარეა და ღებინებაა.

ხანდაზმულებში დეჰიდრატაციას ხელს უწყობს ის ფაქტი, რომ ასაკის გამო მათ ორგანიზმში ისედაც მცირე დოზით წყალია; აგრეთვე ასაკოვანი პირები შესაძლოა მკურნალობდნენ სხვადასხვა დაავადებას შესაბამისი მედიკამენტებით და აღნიშნული მედიკამენტის გვერდითი ეფექტი სწორედ რომ დეჰიდრატაცია იყოს. მაგალითად, ხანდაზმულს შესაძლოა შეხვდეს ინფექცია, რომელმაც დააზიანოს ფილტვები და შარდის ბუშტი, ხოლო პათოლოგიური პროცესი საბოლოოდ დეჰიდრატაციით დასრულდეს.

დეჰიდრატაცია ასევე ნაცნობია ნებისმიერი ასაკის იმ ადამიანისთვის, რომელიც არ სვამს საკმარისი, ჯანმრთელობისთვის რეკომენდებული დოზით წყალს და განსაკუთრებით ზაფხულის ცხელ დღეს (რისკი უფრო მაღალია თუ პარალელურად ვარჯიშობს).

მსუბუქი და საშუალო სიმძიმის დეჰიდრატაციის სამკურნალო საუკეთესო წამალი მეტი წყლის მიღებაა, მაგრამ მწვავე გაუწყლოება სასწრაფოდ ექიმის ჩარევას საჭიროებს.

სიმპტომები

ჩვილებსა და ბავშვებში ვლინდება შემდეგი სიმპტომები:

  • პირის სიმშრალე;
  • უცრემლო ტირილი;
  • 3 საათის განმავლობაში საფენი არ დასველებულა;
  • ჩაცვენილი თვალები, ლოყები;
  • ჩაზნექილი ყიფლიბანდი;
  • გაღიზიანება.

გაუწყლოება ზრდასრულებში ვლინდება შემდეგი სიმპტომებით:

  • წყურვილის ძლიერი გრძნობა;
  • შემცირებული შარდვა;
  • მუქი ფერის შარდი;
  • დაღლილობა;
  • დაბნეულობა;
  • თავბრუსხვევა.

როდის მივმართოთ ექიმს?

რეკომენდებულია მიმართოთ ექიმს თუ:

  • დიარეა გრძელდება 24 საათზე მეტია;
  • თავს უჩვეულოდ სუსტად გრძნობთ, გეძინებათ, დიზორიენტირებული ხართ ან ადვილად ღიზიანდებით;
  • გიჭირთ სითხის მიღება/შენარჩუნება;
  • შენიშნეთ სისხლიანი ან მუქი ფერის განავალი.

გამომწვევი მიზეზი

ზოგჯერ გაუწყლოების მიზეზი ძალიან მარტივია - არ სვამთ საკმარისი რაოდენობის წყალს!

სხვა შემთხვევაში დეჰიდრატაცია შესაძლოა გამოწვეული იყოს დიარეათი, ღებინებით, სიცხით, ჭარბი ოფლიანობით, ხშირი (მომატებული) შარდვის გამო.

როგორც უკვე მოგახსენეთ, გაუწყლოების რისკ-ჯგუფში შედიან ჩვილები, ბავშვები და ხანდაზმულები. ასევე რისკ-ჯგუფს განეკუთვნებიან ქრონიკული დაავადებების მქონე პირები და აგრეთვე ის ადამიანები, რომლებიც ქუჩაში ვარჯიშობენ ან მუშაობენ ჰაერის მაღალი ტემპერატურის დროს.

 

წყარო:

https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/dehydration/symptoms-causes/syc-20354086