ძვლის მეტასტაზი ეწოდება მდგომარეობას, როცა კიბოს უჯრედი თავდაპირველი მდებარეობიდან ძვალში ვრცელდება.
თითქმის ყველა ტიპის კიბოს შეუძლია ძვალში გავრცელდეს (მეტასტაზირდეს), თუმცა ზოგიერთი სახის კიბო განსაკუთრებით მიდრეკილია ძვალში მეტასტაზირებისკენ, მაგალითად, ძუძუსა და პროსტატის კიბო.
მეტასტაზი შესაძლოა გამოვლინდეს ორგანიზმში მდებარე ნებისმიერ ძვალში, მაგრამ უმეტესად ვრცელდება ხერხემალში, მენჯისა და ბარძაყის ძვალში.
როგორც სტატიაში ვკითხულობთ, ძვლის მეტასტაზი შეიძლება იყოს კიბოს პირველადი ნიშანი ან მეტასტაზი განვითარდეს კიბოს მკურნალობიდან რამდენიმე წლის შემდეგაც კი.
მეტასტაზი ძვალში იწვევს ტკივილსა და მოტეხილობებს, თუმცა მკურნალობის შესაბამისი კურსი ეფექტურად ამცირებს მეტასტაზებით გამოწვეულ ტკივილსა და სხვა სიმპტომებს.
სიმპტომები
ზოგჯერ ძვლის მეტასტაზირება უსიმპტომოდ მიმდინარეობს.
ზოგჯერ ვლინდება სიმპტომები და კერძოდ:
- ძვლის ტკივილი;
- ძვლის მოტეხილობა;
- შარდის შეუკავებლობა;
- განავლის შეუკავებლობა;
- სისუსტე ფეხებსა და მკლავებში;
- სისხლში კალციუმის ჭარბი დოზა, რომლის გამოც პაციენტი უჩივის გულისრევას, ღებინებას, ყაბზობას, დაბნეულობას.
გამომწვევი მიზეზი
ძვალში მეტასტაზი ყალიბდება მაშინ, როდესაც კიბოს უჯრედი თავდაპირველ სიმსივნურ კერას შორდება და ძვალში ვრცელდება, სადაც გამრავლებას იწყებს.
სამწუხაროდ, მედიცინისთვის ჯერჯერობით ზუსტად ცნობილი არაა თუ რატომ ვრცელდება კიბო ორგანიზმში და აგრეთვე უცნობია ზოგიერთი ტიპის კიბო რატომ ვრცელდება ძვალში და არა სხვა, მეტასტაზისადმი მოწყვლად ორგანოებში, მაგალითად, ღვიძლში.
დიაგნოსტირება
დიაგნოსტირებისთვის შესაძლოა საჭირო გახდეს შემდეგი კვლევები:
- რენტგენი;
- ძვლის სკანირება;
- კომპიუტერული ტომოგრაფია;
- მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია;
- პოზიტრონ-ემისიური ტომოგრაფია (PET/CT);
- ბიოფსია.
წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/bone-metastasis/symptoms-causes/syc-20370191