რა არის ფილტვის კიბო?
ფილტვის კიბო არის ისეთი ტიპის კიბო, რომელიც ფილტვებში ყალიბდება, იწყება. მსოფლიოს მასშტაბით ფილტვის კიბო კიბოთი სიკვდილის გამომწვევი წამყვანი მიზეზი, რისკ-ფაქტორია.
როგორც სტატიაში ვკითხულობთ, ფილტვის კიბოს განვითარებაში დიდ როლს თამაშობს მოწევა, თუმცა ამ ტიპის კიბოთი ავადობენ ის ადამიანებიც, რომელთაც არასდროს მოუწევიათ.
მიუხედავად იმისა, რომ ბევრი წლის განმავლობაში თამბაქოს მომხმარებელი იყავით, თუ მოწევას შეწყვეტთ, მნიშვნელოვნად შეამცირებთ ფილტვის კიბოს განვითარების რისკს.
ფილტვის კიბოს ტიპები
მედიკოსები ფილტვის კიბოს 2 მთავარ კატეგორიად ყოფენ, კერძოდ:
- ფილტვის წვრილუჯრედოვანი კიბო - ამ ტიპის კიბო უმეტესად მწეველ პაციენტებშია გავრცელებული და იშვიათად არამწეველ ადამიანს რომ დაუდგინდეს;
- ფილტვის არაწვრილუჯრედოვანი კიბო - ამ ტიპის კიბო ფილტვის კიბოს რამდენიმე ფორმას აერთიანებს და მოიცავს ბრტყელუჯრედოვან კარცინომას, ადენოკარცინომასა და მსხვილუჯრედოვან კარცინომას.
სიმპტომები
ადრეულ სტადიაზე, როგორც წესი, ფილტვის კიბო უსიმპტომოდ მიმდინარეობს და სიმპტომები თუ ნიშნები, ძირითადად, დაავადების განვითარების დროს გამოიხატება.
ფილტვის კიბოს სიმპტომებია:
- ხველება;
- სისხლიანი ნახველი (მცირე რაოდენობაც კი);
- სუნთქვის გაძნელება;
- ტკივილი გულმკერდის არეში;
- ხმის ჩახლეჩა, ხრიალი, ხრიწინი;
- უმიზეზოდ წონის კლება;
- ძვლის ტკივილი;
- თავის ტკივილი.
რა იწვევს ფილტვის კიბოს?
ფილტვის კიბოს გამომწვევ მთავარ რისკ-ფაქტორად მოწევა სახელდება. რისკ-ჯგუფს განეკუთვნება როგორც მწეველი, ისე ადამიანი, რომელიც არ ეწევა, მაგრამ სხვის კვამლს ჩაისუნთქავს (ე.წ. პასიური მწეველი).
ფილტვის კიბო ზოგჯერ იმ ადამიანებსაც უვითარდებათ, რომლებსაც არასდროს მოუწევიათ და არც ე.წ. მეორეულ კვამლს ისუნთქავდნენ. მსგავს კლინიკურ შემთხვევებში კიბოს განვითარების, დაავადების ზუსტი გამომწვევი მიზეზი უცნობია.
როგორ იწვევს მოწევა ფილტვის კიბოს?
მედიკოსთა აზრით, მოწევის დროს ზიანდება ფილტვის უჯრედები და სწორედ ამ მიზეზით ყალიბდება კიბო.
როგორც კი სიგარეტის კვამლს ჩაისუნთქავთ, რომელიც კიბოს წარმომქმნელი ნივთიერებითაა (კარცინოგენები) სავსე, უმალვე იწყება ცვლილება ფილტვის ქსოვილში.
აღსანიშნავია, რომ თავდაპირველად ორგანიზმი ახერხებს ამ დაზიანების აღდგენას, მაგრამ ყოველ ჯერზე, როცა თამბაქოს მოიხმართ, ნორმალური უჯრედები, რომელიც ფილტვს საზღვრავს, სულ უფრო მეტად და მნიშვნელოვნად ზიანდება. დროთა განმავლობაში დაზიანება უჯრედს აიძულებს პათოლოგიურად, არანორმალურად იფუნქციონიროს (გადაგვარდეს) და საბოლოო ჯამში კიბოც ყალიბდება.
წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/lung-cancer/symptoms-causes/syc-20374620