ტინიტუსი (Tinnitus) ყურებში ხმაურის, რეკვის, წკრიალის, ჩხარუნის შეგრძნებაა.
ხმაური ყურებში ძალიან გავრცელებული პრობლემაა - ტინიტუსი ადამიანების 15-20%-ს აწუხებს.
აღსანიშნავია, რომ ყურებში ხმაური არ არის დაავადება და რეალურად ჯანმრთელობის მდგომარეობის სიმპტომს წარმოადგენს. მაგალითად, ყურში ხმაურის შეგრძნებას შესაძლოა იწვევდეს ასაკობრივი სმენის დაქვეითება, ყურის ტრავმა ან სისხლის მიმოქცევის სისტემური დარღვევა.
რასაკვირველია, ხმაური ყურებში ძალიან შემაწუხებელია და ადამიანს სერიოზულ დისკომფორტს უქმნის, თუმცა ტინიტუსი, როგორც წესი, არ არის რომელიმე სერიოზული დაავადების ნიშანი.
მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული სიმპტომი შესაძლოა ასაკის მატებასთან ერთად უფრო გამწვავდეს, ბევრ კლინიკურ შემთხვევაში ეფექტურად ექვემდებარება მკურნალობას, დიახ, მდგომარეობის გაუმჯობესება შესაძლებელია.
მკურნალობის ძირითად მიზანს გამომწვევი მიზეზის დიაგნოსტირება და მართვა წარმოადგენს. ზოგიერთ შემთხვევაში საჭირო ხდება ხმაურის დონის შემცირება ან დაფარვა გარკვეული მეთოდებით.
ტინიტუსის ფორმები
არსებობს ყურებში ხმაურის ორი ფორმა: სუბიექტური და ობიექტური ტინიტუსი.
სუბიექტური ტინიტუსი
ამ ფორმის დროს ხმაური მხოლოდ პაციენტს ესმის. სუბიექტური ტინიტუსი ყველაზე გავრცელებული ფორმაა! მას იწვევს გარეთა და შუა ყურის პრობლემები, სმენის ნერვის ან ტვინში სმენის ცენტრის დაზიანება.
ობიექტური ტინიტუსი
ამ ტიპის ხმაური გასინჯვის დროს ექიმსაც ესმის. აღნიშნული ფორმა ძალიან იშვიათია და მის განვითარებას ხელს უწყობს სისხლძარღვების პრობლემა, შუა ყურის ძვლის მდგომარეობა ან კუნთის შეკუმშვა.
სიმპტომები
ტინიტუსის დროს პაციენტს ყურში ესმის ხმა, რომელიც რეალურად გარეთ არ არის, ანუ სხვას არ ესმის.
როდესაცპაციენტსეკითხებიან, თურატიპისხმაურიესმისყურებში, პასუხობსრომესხმაშეიძლებაიყოს:
- რეკვის, წკრიალის ხმა;
- ზუზუნი, გუგუნი;
- ღრიალი;
- წკაპუნი, ტკაცუნი;
- შიშინი, სისინი;
- ბზრიალი.
ხმაური შეიძლება იყოს დაბალი ან მაღალი ტონალობის და გესმოდეთ როგორც ერთ, ისე ორივე ყურში. ზოგიერთ პაციენტს იმდენად ხმამაღლა ესმის, უჭირს ყოველდღიური საქმიანობის შესრულება და უფრო მეტიც, გარემოში რეალურად არსებული ხმაც კი იჩრდილება ყურში ხმაურის გამო. ტინიტუსი შეიძლება იყოს მუდმივი ან ვლინდებოდეს და შემდეგ ქრებოდეს.
როდის მივმართოთ ექიმს?
ექიმს უნდა მიმართოთ თუ ყურებში ხმაური შემაწუხებელია და დისკომფორტს გიქმნით.
ექიმთან კონსულტაციის გავლას გირჩევთ თუ ტინიტუსი განვითარდა რესპირატორული ინფექციით, მაგალითად, გაციების გამო და სიმპტომი 1 კვირის შემდეგაც კი არ ალაგდა.
სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს თუ შენიშნეთ შემდეგი:
- ხმაური ყურებში აღმოცენდა სრულიად მოულოდნელად და თვალსაჩინო მიზეზის გარეშე;
- ყურებში ხმაურის გამო დაგიქვეითდათ ან დაკარგეთ სმენა და გაწუხებთ თავბრუსხვევა.
გამომწვევი მიზეზები
ადამიანები ხშირად კითხულობენ თუ რატომ ჩნდება ხმაური ყურებში. ხმაური ყურებში შესაძლოა განვითარდეს სხვადასხვა მიზეზით და ბევრ კლინიკურ შემთხვევაში ზუსტი გამომწვევი მიზეზი, სამწუხაროდ, უცნობია.
ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო იზრდება როგორც ტინიტუსის განვითარების, ისე ყურებში ხმაურის დონის გამწვავების რისკი.
ხშირ შემთხვევაში ყურებში ხმაურს იწვევს შიდა ყურის უჯრედის დაზიანება.
ზოგიერთ შემთხვევაში ყურებში ხმაური ვლინდება ყურის სხვა პრობლემების გამო.
ამ სიმპტომის განვითარებაში გარკვეულ როლს თამაშობს ქრონიკული დაავადებები, აგრეთვე ყურის ნერვის ან ტვინში მდებარე სმენის ცენტრის დაზიანება, ტრავმა.
ხმაური ყურებში შესაძლოა გამოწვეული იყოს გარკვეული მდგომარეობის გამო, მაგალითად, ტინიტუსი შესაძლოა განვითარდეს ასაკთან დაკავშირებული სმენის დაქვეითებით.
რისკ-ფაქტორს განეკუთვნება ხმამაღალი, ძლიერი ხმაური და ასევე ყურის ჭარბი რაოდენობით გოგირდით დახშობა.
გასათვალისწინებელია ყურის ძვლის ცვლილებებიც.
წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/tinnitus/symptoms-causes/syc-20350156