რატომ გვითამაშებს თვალი?

რატომ გვითამაშებს თვალი?

თვალის თამაში არის მდგომარეობა, რომლის დროსაც რამდენიმე წამის განმავლობაში ქუთუთოს უნებლიე მოძრაობა ვლინდება.

ამ მდგომარეობას განმარტავენ ბლეფაროსპაზმისა და ჰემიფაციალური სპაზმის სახელწოდებით. თითოეული ტიპის თამაშსა თუ სპაზმს სხვადასხვა მიზეზი იწვევს და რეალურად სხვადასხვა მდგომარეობაა. განვიხილოთ დეტალურად.

მიოკიმია

მიოკიმიის დროს ჩართულია მხოლოდ ქუთუთო, ანუ პაციენტი გრძნობს ქუთუთოს თამაშს, უნებლიე მოძრაობას.

ამ ტიპის სპაზმი თუ მოძრაობა ძალიან გავრცელებულია და ნებისმიერ ადამიანს შეიძლება განუვითარდეს.

მიოკიმიის დროს სპაზმი ვლინდება ქუთუთოს ზედა ან ქვედა სივრცეში, ჩვეულებრივ, მხოლოდ ერთ თვალში.

თვალის თამაში შეიძლება მსუბუქი ან ძლიერი დისკომფორტის მომტანი იყოს.

თვალის თამაში მცირე დროში ლაგდება, მაგრამ შესაძლოა რამდენიმე საათის ან დღის განმავლობაშიც გაწუხებდეთ.

ბლეფაროსპაზმი

ბლეფაროსპაზმი ორივე თვალის ხამხამით იწყება და შესაძლოა ისე პროგრესირდეს, რომ ქუთუთოს დახუჭვა/დახურვაც კი გამოიწვიოს.

ამ ტიპის თვალის თამაში ძალიან იშვიათია, მაგრამ მდგომარეობა იმდენად მწვავეა ადამიანის ცხოვრების ყველა ასპექტზე ახდენს გავლენას.

ჰემიფაციალური სპაზმი

ამ ტიპის სპაზმის დროს ჩართულია სახის ერთი ნაწილის (და მათ შორის ქუთუთოები) კუნთები.

გამომწვევი მიზეზი

ქუთუთოების სპაზმის განვითარებას შესაძლოა ხელს უწყობდეს:

  • ალკოჰოლი;
  • კაშკაშა სინათლე;
  • კოფეინის ჭარბი დოზა;
  • დაღლილობა;
  • თვალის ზედაპირის ან ქუთუთოს შიდა ნაწილის გაღიზიანება;
  • თამბაქო;
  • სტრესი;
  • ქარი;
  • დაბინძურებული ჰაერი.

ბლეფაროსპაზმი არის თვალის გარშემო მდებარე კუნთების მოძრაობის დარღვევა. მისი ზუსტი გამომწვევი მიზეზი უცნობია, მაგრამ მეცნიერთა აზრით, შესაძლოა მიზეზი იყოს ნერვულ სისტემაში მდებარე ბაზალური განგლიის დისფუნქცია.

ჰემიფაციალური სპაზმი, როგორც წესი, ვლინდება პაწაწინა არტერიის მიერ სახის ნერვის გაღიზიანების შედეგად.

ზოგჯერ ქუთუთოს თამაში გარკვეული მდგომარეობის ნიშანია და ეს მდგომარეობებია:

  • ბლეფარიტი (ქუთუთოების ანთება);
  • რქოვანას დაზიანება;
  • მშრალი თვალები;
  • სინათლის მიმართ მგრძნობელობა;
  • უვეიტი (თვალის გარსის ანთება).

ძალიან იშვიათად, მაგრამ თვალის თამაში შესაძლოა ტვინის ან ნერვული სისტემის დარღვევით იყოს გამოწვეული და აღსანიშნავია, რომ ამ შემთხვევაში თვალის სპაზმთან ერთად სხვა ნიშნები და სიმპტომებიც ვლინდება.

ზოგჯერ თვალის თამაში ზოგიერთი მედიკამენტის გვერდითი ეფექტია და ძირითადად, პარკინსონის დაავადებისთვის განკუთვნილი მედიკამენტების.

როდის მივმართოთ ექიმს?

ჩვეულებრივ, თვალის თამაში რამდენიმე დღეში ან კვირაში თავისით, ყოველგვარი მკურნალობის გარეშე გაივლის.

დისკომფორტის შემსუბუქებაში ცხოვრების წესის ცვლილება დაგეხმარებათ, მაგალითად, სტრესის მართვა და დასვენება ან კოფეინის დოზის შემცირება.

თუმცა ექიმს უნდა მიმართოთ იმ შემთხვევაში თუ შენიშნეთ შემდეგი:

  • სიმპტომი არ ალაგდა რამდენიმე კვირაში;
  • ყოველი სპაზმის დროს ქუთუთო მთლიანად იხუჭება ან თვალის გახელა გიჭირთ;
  • სპაზმი აღინიშნება სახის ან სხეულის სხვა ნაწილებშიც;
  • თვალი გაწითლებული ან შესიებულია, ან გაქვთ გამონადენი;
  • ქუთუთო ჩამოშვებულია.

 

წყარო:

https://www.mayoclinic.org/symptoms/eye-twitching/basics/definition/sym-20050838