კუნთების ტკივილი თითქმის ყველა ადამიანს გამოუცდია.
კუნთის ტკივილი შეიძლება იყოს როგორც მსუბუქი, ისე მწვავე, მოიცავდეს ორგანიზმის პატარა მიდამოს ან მთლიან სხეულს.
უმეტესად, კუნთის ტკივილი თავისით და მცირე დროში ლაგდება, მაგრამ ზოგჯერ ხანგრძლივი პერიოდით, თუნდაც მთელი თვე გრძელდება.
კუნთის ტკივილი სხეულის ნებისმიერ არეში ვლინდება, მაგალითად, კისერში, ზურგში, ფეხებსა და ხელებში.
კუნთის ტკივილის გამომწვევი მიზეზი
კუნთების ტკივილის გამომწვევი ყველაზე ხშირი მიზეზი დაჭიმვა, სტრესი, ზედმეტი დატვირთვა და მცირე დაზიანებაა. ამ ტიპის ტკივილი, ჩვეულებრივ, ლოკალიზებულია, მოიცავს რამდენიმე კუნთს ან სხეულის მცირე არეს.
სისტემური კუნთის ტკივილის მიზეზი უმეტესად ინფექცია, დაავადება ან მედიკამენტის გვერდითი ეფექტია.
კუნთის ტკივილის მიზეზი შეიძლება იყოს:
- ინტენსიური ვარჯიში;
- ქრონიკული დაღლილობის სინდრომი;
- კოჭლობა;
- დერმატომიოზიტი;
- ფიბრომიალგია;
- დისტონია;
- ჰიპოთიროიდიზმი;
- გრიპი;
- ლუპუსი;
- ლაიმის დაავადება;
- ზოგიერთი მედიკამენტი;
- კუნთების კრუნჩხვა, სპაზმი;
- მიოფასციალური ტკივილის სინდრომი;
- პოლიმიალგია რევმატიკა;
- რევმატოიდული ართრიტი;
- დაჭიმულობისას დაზიანება;
- დაჭიმულობა და სხვა.
როდის მივმართოთ ექიმს?
მცირე დაზიანებით, სტრესითა თუ ვარჯიშით გამოწვეული კუნთების ტკივილი სახლის პირობებში მკურნალობას ეფექტურად ექვემდებარება, თუმცა არსებობს მდგომარეობა, როცა სპეციალისტის ჩართვა აუცილებელია.
გამოიძახეთ გადაუდებელი სასწრაფო სამედიცინო დახმარება თუ კუნთის ტკივილს თან ახლავს:
- სუნთქვის გაძნელება ან თავბრუსხვევა;
- კუნთების ძლიერი სისუსტე;
- მაღალი სიცხე და კისრის გაშეშება.
ექიმთან მისვლას გირჩევთ თუ:
- გიკბინათ ტკიპამ;
- გაქვთ გამონაყარი (ლაიმის დაავადების სიმპტომის მსგავსი გამონაყარი);
- კუნთის ტკივილი და განსაკუთრებით წვივის არეში, რომელიც ვითარდება ვარჯიშის გამო და იხსნება მოსვენებით;
- შენიშნეთ ინფექციის ნიშნები (მტკივნეული კუნთის გარშემო სიწითლე და შეშუპება;
- კუნთის ტკივილი გაწუხებთ მედიკამენტის მიღების ან დოზის გაზრდის შემდეგ;
- კუნთის ტკივილი, რომელიც თვითმკურნალობას არ ექვემდებარება.
მკურნალობა სახლის პირობებში
ფიზიკური აქტივობის დროს აღმოცენებული კუნთის ტკივილი, ჩვეულებრივ, დაჭიმულ კუნთზე მიუთითებს და ამ შემთხვევაში რეკომენდებულია:
- დაისვენეთ. თავი შეიკავეთ, შეისვენეთ ნორმალური აქტივობისგან;
- დღეში რამდენჯერმე 20 წუთით დაიდეთ ყინული მტკივნეულ ადგილზე;
- შეშუპების, შესიების შემცირების მიზნით, ბინტით, სახვევით შეიხვიეთ მტკივნეული ადგილი;
- შეშუპების შესამცირებლად ფეხები მაღლა ასწიეთ.
წყარო:
https://www.mayoclinic.org/symptoms/muscle-pain/basics/definition/sym-20050866