რა არის შაკიკი?

რა არის შაკიკი?

შაკიკი ქრონიკულად მორეციდივე ნევროლოგიური დაავადებაა.

შაკიკის დროს პაციენტი უჩივის პულსირებად, ფეთქვად, მწვავე ტკივილს თავის ერთ ან ორივე მხარეს.

ხშირად, თავის ძლიერ ტკივილს თან ახლავს გულისრევა, ღებინება და ხმისა თუ სინათლის მიმართ გაძლიერებული მგრძნობელობა.

შაკიკის შეტევა შესაძლოა გაგრძელდეს რამდენიმე საათი ან მთელი დღე - ტკივილი იმდენად მწვავე ხასიათისაა, პაციენტს უჭირს ყოველდღიური საქმიანობის შესრულება.

ზოგიერთ კლინიკურ შემთხვევაში შაკიკის შეტევამდე ერთგვარი გამაფრთხილებელი სიმპტომი სახელწოდებით აურის პერიოდი, აურა (აურა - სინათლის გაელვება, მოციმციმე სინათლე, ყნოსვის დარღვევა, სახის ერთ მხარეს ან მკლავში ჩხვლეტა, მეტყველების გაძნელება და სხვა) ვლინდება.

შაკიკის პრევენცია შესაძლებელია ექიმის მიერ დანიშნული მედიკამენტით. მედიკამენტური მკურნალობა შაკიკის შეტევას ნაკლებად მტკივნეულს ხდის. მედიკამენტებთან ერთად რეკომენდებულია ცხოვრების წესის ცვლილება.

შაკიკის სიმპტომები

შაკიკი, როგორც წესი, ბავშვთა ასაკში ან მოზარდობის პერიოდში ვლინდება და 4 სტადიად პროგრესირებს, კერძოდ: პროდრომი (პროდრომული პერიოდი), აურა, შეტევა და პოსტდრომი.

თუმცა შაკიკის მქონე ყველა ადამიანს არ უვითარდება ოთხივე, ყველა სტადია.

პროდრომი, ანუ დაავადების მომასწავებელი, მაუწყებელი, მანიშნებელი სინდრომი (სიმპტომი)

შაკიკის გამოვლენამდე ერთი ან ორი დღით ადრე შესაძლოა შენიშნოთ გარკვეული ცვლილება ორგანიზმში, მაგალითად:

  • ყაბზობა;
  • ხასიათის ცვლილება - დეპრესიიდან ეიფორიამდე;
  • გარკვეული საკვების ძლიერი მოთხოვნილება;
  • კისრის გაშეშება;
  • გაძლიერებული წყურვილი და შარდვა;
  • ხშირი მთქნარება.

აურა

აურა შესაძლოა გამოვლინდეს როგორც შაკიკამდე, ისე შეტევის დროს. თითოეული სიმპტომი თანდათანობით იწყება და მაქსიმუმ 20-60 წუთი გრძელდება.

ეს სიმპტომებია:

  • სხვადასხვა ფორმის კაშკაშა ლაქების, მოციმციმე შუქის დანახვა;
  • მხედველობის დაკარგვა;
  • ჩხვლეტა მკლავის ან ფეხის არეში;
  • სხეულის ერთი ან სახის რომელიმე ნაწილის დაბუჟება;
  • მეტყველების გაძნელება;
  • მუსიკის ხმა ან ხმაური ყურებში;
  • უკონტროლო, მკვეთრი მოძრაობები, რეფლექსი.

შაკიკის შეტევა

მკურნალობის გარეშე შაკიკი, ჩვეულებრივ, გრძელდება 4-დან 72 საათამდე. თუმცა ყველა ადამიანის ორგანიზმი ინდივიდუალურია და შეტევის სიხშირეც ამაზეა დამოკიდებული.

შაკიკი შესაძლოა იშვიათად ან თვეში რამდენჯერმე გამოვლინდეს.

შაკიკის შეტევის დროს ვლინდება შემდეგი სიმპტომები:

  • ტკივილი თავის ერთ მხარეს, მაგრამ ხშირად ორივე მხარეს;
  • ტკივილი, რომელიც არის პულსაციის ან ფეთქვის მსგავსი;
  • სინათლის, ხმის, სუნის ან შეხების მიმართ მომატებული მგრძნობელობა;
  • გულისრევა და ღებინება.

პოსტ-დრომი

იგი წარმოადგენს ფინალურ ფაზას და შაკიკის შეტევის შემდგომ ვლინდება.

შეტევის შემდეგ შესაძლოა იგრძნოთ, რომ გამოიფიტეთ, ძალიან დაღლილი ხართ, ძალა აღარ გაქვთ. ზოგიერთი ადამიანი აღტაცებას, ეიფორიას განიცდის. გახსოვდეთ, თავის მოძრაობამაც კი შესაძლოა კვლავ გამოიწვიოს ტკივილი.

შაკიკის გამომწვევი მიზეზები

შაკიკის ზუსტი გამომწვევი მიზეზი უცნობია, თუმცა ნევროლოგიური დაავადების განვითარებაში გარკვეულ როლს თამაშობს გენეტიკა და გარემო ფაქტორები.

შესაძლოა შაკიკის გამომწვევი იყოს ტვინის ღეროს ცვლილებები და მისი ურთიერთქმედება სამწვერა ნერვზე.

გასათვალისწინებელია ტვინის ქიმიური ნივთიერებების დისბალანსიც.

შაკიკის განვითარებას სავსებით შესაძლებელია ხელს უწყობდეს: ქალებში ჰორმონული ცვლილებები, ჭარბი დოზით ალკოჰოლი, სტრესი, კაშკაშა სინათლე ან ხმაური, ძილთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის პრობლემა, ფიზიკური გადაძაბვა, ამინდის ცვლილება, ზოგიერთი ტიპის მედიკამენტი, საკვები დანამატი და სხვა.

 

წყარო:      

https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/migraine-headache/symptoms-causes/syc-20360201