რა არის ღვიძლის კიბო?
ღვიძლის კიბო არის დაავადება, რომელიც იწყება ღვიძლის უჯრედებში. ღვიძლში რამდენიმე ტიპის კიბო შეიძლება ჩამოყალიბდეს და ყველაზე გავრცელებული ფორმა ჰეპატოცელულარული კარცინომაა.
როგორც სტატიაში ვკითხულობთ, კიბო, რომელიც ღვიძლში ვრცელდება, უფრო ხშირია, ვიდრე კიბო, რომელიც უშუალოდ ღვიძლის უჯრედებში ვითარდება. კიბოს იმ ფორმას, რომელიც ორგანიზმის სხვა არეში, მაგალითად, ფილტვში, მკერდსა თუ მსხვილ ნაწლავში ყალიბდება და შემდეგ ღვიძლში ვრცელდება, მეტასტაზური კიბო ეწოდება და არა ღვიძლის კიბო.
კიბოს ამ ფორმას სახელს იმის მიხედვით არქმევენ თუ რომელ ორგანოში (ანუ საწყისი ორგანო) განვითარდა.
სიმპტომები
ბევრ კლინიკურ შემთხვევაში საწყის სტადიაზე დაავადება უსიმპტომოდ მიმდინარეობს, მაგრამ თუ სიმპტომურად გამოვლინდა, ჩნდება შემდეგი:
- უმიზეზოდ წონის კლება;
- მადის დაქვეითება, უმადობა;
- მუცლის ტკივილი;
- გულისრევა და ღებინება;
- საერთო სისუსტე და დაღლილობა;
- მუცლის შებერილობა, შესიება;
- კანისა და თვალის თეთრი გარსის სიყვითლე;
- თეთრი, ცარცისებრი განავალი.
ღვიძლის კიბოს გამომწვევი მიზეზები
ღვიძლის კიბო ვითარდება მაშინ, როცა ღვიძლის უჯრედების დნმ მუტაციას განიცდის. მუტაციის გამო უჯრედები უკონტროლო ზრდას განაგრძობს და სიმსივნედ, სიმსივნურ უჯრედებად ყალიბდება.
ზოგიერთ შემთხვევაში ღვიძლის კიბოს გამომწვევი მიზეზი ქრონიკული ჰეპატიტის ინფექციაა, თუმცა ზოგჯერ დაავადების ზუსტი გამომწვევი მიზეზი უცნობია.
რისკ-ფაქტორები
ღვიძლის კიბოს განვითარებას შესაძლოა ხელს უწყობდეს:
- B და C ჰეპატიტის ქრონიკული ინფექცია;
- ციროზი;
- ღვიძლის ზოგიერთი მემკვიდრული დაავადება;
- დიაბეტი;
- ღვიძლის უალკოჰოლო ცხიმოვანი დაავადება;
- ალკოჰოლის ჭარბი დოზა.
წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/liver-cancer/symptoms-causes/syc-20353659