თავბრუსხვევა - რა უნდა იცოდეთ გამომწვევი მიზეზის შესახებ?

თავბრუსხვევა - რა უნდა იცოდეთ გამომწვევი მიზეზის შესახებ?

თავბრუსხვევა ხშირად ვლინდება.

65 წელს გადაცილებულ პირთა დაახლოებით 30% განიცდის თავბრუსხვევას.

შესაძლოა იყოს შემდეგი შეგრძნების მსგავსი:

  • გულის წასვლის შეგრძნება;
  • ბალანსის, წონასწორობის დაკარგვა;
  • თითქოს გარშემო ყველაფერი ბრუნავს, მოძრაობს;
  • ტივტივის, ცურვის შეგრძნება.

ეს მდგომარეობა ხშირად დროებითია და მკურნალობის გარეშე ლაგდება.

ექიმს ზუსტად განუმარტეთ რას უჩივით, ანუ ყურადღება სპეციფიკურ სიმპტომზე გაამახვილეთ, მაგალითად, რას გრძნობთ თავბრუსხვევის გამო, ამ ჩივილის გამოვლენამდე და მის შემდეგ როგორ ხართ, რა დროს თუ რა მიზეზით წარმოიშვა, რამდენად ხშირად გაწუხებთ და რამდენი ხანია უჩივით.

გამომწვევი მიზეზი

თავბრუსხვევის გამომწვევი მიზეზი მრავალფეროვანია, მაგალითად, ამ მდგომარეობას შესაძლოა იწვევდეს: ზღვის ავადმყოფობა, შუა ყურის პრობლემა, ინფექცია, წამლის გვერდითი ეფექტი, შფოთვა ან სხვა ნევროლოგიური დარღვევა, სისხლის მიმოქცევის დაქვეითება, ტრავმა, ანემია, ჰიპოგლიკემია (სისხლში შაქრის დაბალი დონე), ორგანიზმის გადახურება, დეჰიდრატაცია და სხვა.

ზოგჯერ ზუსტი გამომწვევი მიზეზის დადგენა შეუძლებელია.

აღსანიშნავია, რომ ზრდასრულები ხშირად მიმართავენ ექიმს თავბრუსხვევის გამო. იშვიათად, რომ სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობით იყოს გამოწვეული.

მკურნალობა დამოკიდებულია გამომწვევ მიზეზსა და უშუალო სიმპტომზე და ჩვეულებრივ, მკურნალობის კურსი ეფექტურია!

როდის მივმართოთ ექიმს?

მიმართეთ ექიმს თუ უჩივით უეცრად განვითარებულ, მწვავე ან ხანგრძლივი დროით მიმდინარე თავბრუსხვევას. ასევე საყურადღებოა თავბრუსხვევა, რომლის გამომწვევ მიზეზსაც ვერ ხსნით, ვერაფერს უკავშირებთ.

გამოიძახეთ გადაუდებელი სასწრაფო დახმარება თუ თავბრუსხვევას თან ერთვის:

  • უეცარი, მწვავე თავის ტკივილი;
  • ტკივილი გულმკერდის არეში;
  • სუნთქვის გაძნელება;
  • მკლავებისა და ფეხების დაბუჟება ან დამბლა;
  • გულის წასვლა;
  • მხედველობის გაუარესება;
  • სწრაფი ან არარეგულარული გულისცემა;
  • მეტყველებასთან დაკავშირებული ნებისმიერი პრობლემა;
  • წონასწორობის დაკარგვა ან სიარულის გაძნელება;
  • გულისრევა;
  • სმენის პრობლემა;
  • დაბუჟება ან სისუსტე სახის არეში;
  • თავის ტრავმა.  

 

წყარო:         

https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/dizziness/symptoms-causes/syc-20371787