ვასკულიტი სისხლძარღვების ანთებაა.
პათოლოგია სისხლძარღვების კედელში ისეთ ცვლილებებს იწვევს როგორიცაა შესქელება, სისუსტე, შევიწროება, ნაწიბურების გაჩენა. აღნიშნულმა ცვლილებებმა სავსებით შესაძლებელია ხელი შეუშალოს სისხლის მიმოქცევას, შედეგად დააზიანოს ორგანო და ქსოვილი.
მიუხედავად იმისა, რომ ვასკულიტის ბევრი ფორმა არსებობს, უმეტესი მათგანი ძალიან იშვიათია. ამასთან, ვასკულიტის დროს შეიძლება დაზიანდეს მხოლოდ ერთი ორგანო ან რამდენიმე, იყოს მწვავე, ან ქრონიკული.
ზოგიერთი ფორმა არ საჭიროებს მკურნალობას, ზოგიერთი კი მოითხოვს მედიკამენტს ანთების მართვისა და პრევენციისთვის.
სიმპტომები
ვასკულიტის ნიშნები და სიმპტომები ძალიან ცვალებადი, მრავალფეროვანია. ხშირად დაკავშირებულია ორგანიზმში სისხლის მიმოქცევის დაქვეითებასთან.
ვასკულიტის ბევრი ფორმის დროს ზოგადი ნიშნები და სიმპტომებია:
- ტემპერატურა;
- თავის ტკივილი;
- დაღლილობა;
- წონის კლება;
- საერთო ტკივილი;
- ოფლიანობა ღამით;
- გამონაყარი;
- ნერვის პრობლემები, მაგალითად, სისუსტე ან დაბუჟება.
სხვა სიმპტომები დაკავშირებულია მხოლოდ კონკრეტული ტიპის ვასკულიტთან. აღსანიშნავია, რომ ვასკულიტის თითოეული ფორმის დროს სიმპტომები შესაძლოა განვითარდეს სწრაფად და ადრეულ სტადიაზე ან დაავადების გვიან სტადიაზე.
გამომწვევი მიზეზები
ვასკულიტის ზუსტი გამომწვევი მიზეზი უცნობია.
დაავადების ზოგიერთი ფორმა გენეტიკურ განწყობასთანაა დაკავშირებული. სხვა შემთხვევებში მიზეზი ისაა, რომ იმუნური სისტემა სისხლძარღვს შეცდომით ესხმის თავს. იმუნური სისტემის ასეთი რეაქცია სავსებით შესაძლებელია განპირობებული იყოს B და C ჰეპატიტით, სისხლის კიბოთი, რევმატოიდული ართრიტით, ლუპუსითა და სკლეროდერმათი.
გასათვალისწინებელია ზოგიერთი წამლის მიმართ ორგანიზმის რეაქციაც.
ვასკულიტით დაზიანებულ სისხლძარღვებში შესაძლოა გამოვლინდეს სისხლდენა ან ანთება. ანთების გამო სისხლძარღვის კედლის შრე სქელდება. ეს ავიწროვებს სისხლძარღვს და ამცირებს სისხლის რაოდენობას - ამგვარად, ჟანგბადი და სხვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკვები ნივთიერებები ვეღარ აღწევს ორგანიზმის ქსოვილებამდე და ორგანოებამდე.
დაავადების გართულება
ვასკულიტის გართულების რისკი დამოკიდებულია დაავადების ტიპსა და სიმწვავეზე, ასევე მედიკამენტის გვერდით ეფექტებზე.
ვასკულიტის გართულებაა:
- ორგანოს დაზიანება;
- სისხლის შედედება და ანევრიზმა;
- მხედველობის დაკარგვა;
- ინფექცია.
დიაგნოსტირება
დიაგნოზისთვის შესაძლოა საჭირო გახდეს ერთი ან რამდენიმე კვლევა, კერძოდ: სისხლისა და შარდის ანალიზი, ულტრაბგერა, კომპიუტერული ტომოგრაფია, მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია, ანგიოგრაფია, ბიოფსია.
წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/vasculitis/symptoms-causes/syc-20363435