პირად ჰიგიენაზე ზრუნვით თავს ვიცავთ დაავადებებისგან.
ხელების დაბანა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და ეფექტური მეთოდია იმისთვის, რომ მიკრობებისა და ბაქტერიების გავრცელებას შევუშალოთ ხელი.
როგორც სტატიაში ვკითხულობთ, ბევრი დაავადება თუ მდგომარეობა, ასევე რესპირატორული ინფექცია ერთი ადამიანიდან მეორეს იმიტომ გადაეცემა, რომ ზოგიერთი სათანადოდ არ იბანს ხელებს საპნით. მაგალითად, როცა საგანს, ნივთს ეხებით ვერც კი აცნობიერებთ როგორი დაბინძურებული შეიძლება იყოს ან დაავადებულის მიერ დაცემინებისა თუ დახველების გამო გამოფრქვეულ ვირუსს შეიცავდეს - მიკრობი თქვენს ხელზე აღმოჩნდება და ორგანიზმში შეიჭრება.
დღის განმავლობაში მექანიკურად უამრავჯერ ეხებით თვალს, ცხვირს, პირს და ამ გზით ვირუსი ადვილად აღწევს ორგანიზმში, ფაქტობრივად, ხელს უწყობთ დაავადების გავრცელებას.
როცა სადილის მომზადებამდე ხელებს არ იბანთ, ბაქტერია ვრცელდება საკვებსა და სასმელში. ამავე გზით ვრცელდება მიკრობი ნებისმიერ ნივთზე, რომელსაც დაუბანელი ხელით ეხებით, მაგალითად, სათამაშოზე, მაგიდის ზედაპირზე, კიბის მოაჯირზე და სხვა.
ხელების დაბანით შესაძლებელია დიარეას, რესპირატორული, კანისა და თვალის ინფექციების, გაციების პრევენცია.
საპნით ხელების დაბანა განსაკუთრებით აუცილებელია სუსტი იმუნიტეტის მქონე ადამიანებისთვის.
როგორც სტატიაში ვკითხულობთ, მოსწავლეებში კუჭ-ნაწლავის დაავადებების განვითარების რისკი გაცილებით დაბალია მაშინ, როცა მოზარდი ხშირად იბანს ხელებს.
სამწუხაროდ, ზოგიერთი ადამიანი არასწორად იგებს რეკომენდაციას და საპონს არ იყენებს - ხელები უნდა დაიბანოთ საპნით; გახსოვდეთ, საპნით ხელების დაბანის შემთხვევაში გაცილებით ეფექტურად ვიშორებთ მიკრობს.
აღსანიშნავია, რომ რიგ ინფექციათა პრევენციის შემთხვევაში ადამიანი აღარ ისარგებლებს ანტიბიოტიკით და ანტიბიოტიკური რეზისტენტობის რისკიც შემცირდება.
მოგეხსენებათ, ანტიბიოტიკები ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ გამოიყენება.
ანტიბიოტიკური რეზისტენტობის განვითარების თავიდან ასაცილებლად ძალიან მნიშვნელოვანია ანტიბიოტიკის ინსტრუქციის მიხედვით მიღება და დაუშვებელია თვითმკურნალობა.
ანტიბიოტიკური რეზისტენტობა არის მდგომარეობა, როცა ბაქტერია იძენს იმუნიტეტს ერთი ან რამდენიმე სახეობის ანტიბიოტიკის მიმართ.
წყარო:
https://www.cdc.gov/handwashing/why-handwashing.html