ეს სტატია საყურადღებოა ყველა იმ ადამიანისთვის, ვისთვისაც ძვლის ჯანმრთელობაზე ზრუნვა მნიშვნელოვანია.
მაიოს კლინიკის ვებ-გვერდზე საინტერესო სტატია გამოქვეყნდა; Mayo Clinic-ის ენდოკრინოლოგი იმ თემაზე საუბრობს, რომელიც, სამწუხაროდ, ბევრ ადამიანს უმნიშვნელოდ ეჩვენება.
როდესაც საკუთარ თავს ვეკითხებით ნეტავ რამდენს ვიწონიო, უმეტესად ვფიქრობთ ცხიმსა და კუნთის ქსოვილზე. თუმცა ძვლის სიმკვრივე თანაბრად მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს სხეულის სტრუქტურის ჩამოყალიბებაში.
როგორც სტატიაში ვკითხულობთ, ამ ფაქტის გათვალისწინებით, ძვლის ჯანმრთელობისთვის სავსებით შესაძლებელია მავნებელი იყოს როგორც სიმსუქნე, ჭარბი წონა, ისე წონის კლებაც.
გამხდარ და ძალიან გამხდარ (რეკომენდებულზე დაბალი წონა) ადამიანებთან შედარებით, მსუქან პირებს მეტად მჭიდრო, კომპაქტური ძვლები აქვთ, მაგრამ ამის მიუხედავად ზოგიერთი მეტაბოლური დარღვევის გამო, რომელიც სიმსუქნესთანაა დაკავშირებული, იცვლება ძვლის ქსოვილი და მნიშვნელოვნად სუსტდება. შედეგად, დაცემის დროს მეტია მოტეხილობის რისკი.
სახსრების ჯანმრთელობის გაუარესებისა და სიმსუქნის სხვა ნეგატიური ასპექტების გათვალისწინებით, ხშირია წაქცევის ალბათობაც.
წონის კლება და ძვალი
ჰორმონული ცვლილება, საკვები ნივთიერებები და სხვა მექანიკური ფაქტორები თუ მექანიზმები ხშირად იწვევს ძვლოვანი მასის კარგვას.
როგორც სტატიაში ვკითხულობთ, ისეთი გეგმაც კი, რომელიც ჯანსაღი კვების რაციონითა და ვარჯიშით წონის ზომიერ კლებაზეა ორიენტირებული, სავსებით შესაძლებელია ძვლის განლევით დასრულდეს; იგივე ეხება ბარიატრიულ ქირურგიასაც.
საბედნიეროდ, წონის კლების პროცესში ძვლის მასის დაკარგვის მოდიფიცირება შესაძლებელია!
როცა კალორიების რაოდენობას შეამცირებთ, შეინარჩუნეთ ცილების, კალციუმისა და D ვიტამინის მაჩვენებელი. რაციონში ცილებით, კალციუმითა და D ვიტამინით მდიდარი პროდუქტები ამსუბუქებს ძვლის მასის დანაკარგის მასშტაბს (ეს ეხება წონის დაკლების მიზნით ჩატარებული ოპერაციის შემდეგ პერიოდსაც).
სავსებით შესაძლებელია ექიმმა ამ ვიტამინების შემცველობის დანამატიც დანიშნოს (თვითნებურად მიღება დაუშვებელია).
ამასთან, გარკვეული ვარჯიშები (ვარჯიში ჰანტელით, ფითბოლით, ანუ სპეციალური სპორტული ბურთით, ფიტნეს ქვიშა ჩანთებით, მძიმე წონის აწევა და სხვა), რომელიც კუნთის შეკუმშვას უწყობს ხელს, ძვლის მასის განლევის პრევენციის ეფექტური მეთოდია.
ძვლის მასის განლევის შიშით უარს ნუ იტყვით ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით ჭარბი წონის კლებაზე. სასურველია მკითხველმა სწორად აღიქვას რჩევა - წონის კლების პროცესში გათვალისწინებული უნდა იყოს ძვლის ჯანმრთელობაზე ზრუნვაც; ამისთვის კი იდეალური ვარიანტია ადეკვატური დოზით ცილების, კალციუმისა და D ვიტამინის მიღება და ვარჯიშის სრულყოფილი პროგრამა.
წყარო: