ვირუსული გასტროენტერიტი - რა სიმპტომებით ვლინდება კუჭის გრიპი?

ვირუსული გასტროენტერიტი - რა სიმპტომებით ვლინდება კუჭის გრიპი?

ვირუსული გასტროენტერიტი ნაწლავების ინფექციაა.

ინფექციის დროს პაციენტი უჩივის კრუნჩხვებს მუცლის არეში, გულისრევას ან ღებინებას, შეიძლება მოემატოს ტემპერატურა - უმეტესად ვლინდება წყლიანი დიარეათი.

ინფექციას ხშირად უწოდებენ კუჭის გრიპს და დაავადების გამომწვევია დაბინძურებული საკვებისა და სასმელის მიღება, კონტაქტი ინფიცირებულ პაციენტთან.

ჯანმრთელი ადამიანი ყოველგვარი გართულების გარეშე გამოჯანმრთელდება, მაგრამ ინფექცია შედარებით რთულად გადააქვთ ჩვილებს, ხანდაზმულებს, სუსტი იმუნიტეტის მქონე ადამიანებს; რისკ-ჯგუფში შემავალი პირებისთვის ვირუსული გასტროენტერიტი შესაძლოა სიცოცხლისთვის საშიში გართულებებით განვითარდეს.

აღსანიშნავია, რომ დღემდე მედიცინისთვის ვირუსული გასტროენტერიტის ეფექტური მკურნალობის მეთოდი უცნობია, შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია მისი პრევენცია, რომელიც გულისხმობს ხელების ხშირად დაბანას, დაბინძურებული საკვებისა და სასმელის მიღებისგან თავის არიდებას.

სიმპტომები

გასტროენტერიტი ვნებს ნაწლავებს და როგორც წესი, ინფექციის დროს ვლინდება შემდეგი სიმპტომები:

  • წყლიანი, უსისხლო დიარეა (სისხლიანი დიარეა მიგანიშნებთ, რომ სხვა, უფრო მწვავე და სერიოზული ინფექცია გაქვთ);
  • ტკივილი და კრუნჩხვები მუცლის არეში;
  • გულისრევა, პირღებინება ან ორივე;
  • პერიოდული კუნთის ან თავის ტკივილი;
  • დაბალი სიცხე.

გამომწვევი მიზეზიდან გამომდინარე ვირუსული გასტროენტერიტის სიმპტომები შესაძლოა გაგრძელდეს ერთიდან 3 დღემდე, იყოს მსუბუქი ან მწვავე ხასიათის - იშვიათ შემთხვევაში, მაგრამ სავსებით შესაძლებელია სიმპტომები მიმდინარეობდეს 10 დღის განმავლობაშიც.

როდის მივმართოთ ექიმს?

თუ პაციენტი ზრდასრულია და აღენიშნება შემდეგი სიმპტომები, აუცილებლად დაუკავშირდით ექიმს:

  • ვერ სვამს, შესაბამისად, ორგანიზმში ვერ ინარჩუნებს სითხეს 24 საათის განმავლობაში;
  • გულისრევა გრძელდება 2 დღეზე მეტია;
  • აღებინებს სისხლს;
  • გამოვლინდა დეჰიდრატაციისთვის დამახასიათებელი ნიშნები;
  • განავალში შენიშნეთ სისხლი;
  • 40 გრადუსზე მაღალი სიცხე ფიქსირდება.

ჩვილებსა  და ბავშვებში გამოვლენილი ეს სიმპტომები ნიშნავს, რომ დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს, კერძოდ:

  • პატარას აქვს სიცხე 39°C ან მეტი;
  • ბავშვი მიძინებული, მოდუნებული ან პირიქით გაღიზიანებულია;
  • უჩივის დისკომფორტს ან ტკივილს;
  • ვლინდება სისხლიანი დიარეა;
  • დეჰიდრატაციის სიმპტომები.

სასწრაფოდ დაურეკეთ ბავშვის ექიმს თუ შენიშნეთ შემდეგი:

  • აღებინებს რამდენიმე საათის განმავლობაში;
  • 6 საათის განმავლობაში არ დასჭირდა სველი საფენის გამოცვლა;
  • აქვს სისხლიანი განავალი ან მწვავე ფორმის დიარეა;
  • ყიფლიბანდი ჩავარდნილი აქვს;
  • უჩივის პირის სიმშრალეს ან ტირის უცრემლოდ;
  • უჩვეულოდ ეძინება, მოთენთილია ან რეაქციას არ ავლენს.       

 

წყარო:

https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/viral-gastroenteritis/symptoms-causes/syc-20378847