ფსიქიკური დარღვევა, რომლის გამოც ადამიანი ნივთებს იპარავს

ფსიქიკური დარღვევა, რომლის გამოც ადამიანი ნივთებს იპარავს

რა არის კლეპტომანია?

კლეპტომანია მძიმე მენტალური დარღვევაა, რომლის დროსაც პაციენტს ნივთის მოპარვის ძლიერი სურვილი უჩნდება. ხშირად მდგომარეობას ქურდობისკენ პათოლოგიურ სწრაფვას უწოდებენ.

როგორც წესი, დაავადებული იპარავს ნივთებს, რომელიც საერთოდ არ სჭირდება ან სულაც არ არის ფასეული.

იგი იშვიათი, მაგრამ საკმაოდ სერიოზული დარღვევაა, რომელიც ემოციურ ტკივილს აყენებს როგორც პაციენტს, ისე მის ახლობლებს.

კლეპტომანია იმპულსის კონტროლის დარღვევაა - პიროვნებას უჭირს ემოციებისა და ქცევის თვითკონტროლი. კლეპტომანიით დაავადებული ბევრი პაციენტი სირცხვილის განცდით ცხოვრობს და არ აღიარებს დაავადების არსებობას.

სამწუხაროდ, კლეპტომანიისგან სრული განკურნების მეთოდი არ არსებობს, მაგრამ მედიკამენტური მკურნალობა და ფსიქოთერაპია პაციენტს მდგომარეობის შეძლებისდაგვარად მართვაში ეხმარება.

სიმპტომები

კლეპტომანიის სიმპტომებია:

  • ძლიერი სურვილი მოიპაროს ნივთი, რომელიც არაფერში სჭირდება;
  • ქურდობის შემდეგ ძლიერი დაძაბულობა, შფოთვა;
  • ნივთის მოპარვის დროს სიამოვნების, კმაყოფილების გრძნობა;
  • ქურდობის შემდეგ დანაშაულის, სინდისის ქენჯნის, საკუთარი თავის მიმართ ზიზღის, სირცხვილის ან დაპატიმრების შიშის გრძნობა;
  • კლეპტომანიის ციკლის განახლება.

დამახასიათებელი ნიშნები

კლეპტომანებისთვის დამახასიათებელია:

  • ტიპიური ქურდობისგან განსხვავებით, კლეპტომანი აკვიატებულად არ იპარავს ნივთს პირადი მოგებისთვის ან ამბოხის მოწყობისა თუ შურისძიების გამო. იპარავს, რადგან ძლიერ სურვილს წინააღმდეგობას ვერ უწევს;
  • კლეპტომანიის დროს ნივთის მოპარვის მცდელობა სპონტანურია, წინასწარ არაფერს გეგმავს;
  • როგორც წესი, კლეპტომანი ნივთს საჯარო დაწესებულებებიდან, მაგალითად, მაღაზიებიდან თუ სუპერმარკეტებიდან იპარავს. ზოგიერთი პაციენტი იპარავს მეგობრის ან ნაცნობის ნივთს და ეს წვეულების დროს ხდება;
  • ხშირად ნაქურდალი ნივთი ფასეული არაა და კლეპტომანით დაავადებულისთვის არაფერს ნიშნავს. უფრო მეტიც მისი ყიდვა თავისუფლად შეუძლია, ამის ფინანსური საშუალება აქვს;
  • ჩვეულებრივ, კლეპტომანი მოპარულ ნივთს არ იყენებს და მხოლოდ აგროვებს. სავსებით შესაძლებელია აღნიშნული ნივთი გააჩუქოს, ქველმოქმედების მიზნით გამოიყენოს ან ჩუმად დააბრუნოს იმ ადგილზე, საიდანაც მოიპარა;
  • მოპარვის სურვილი ჩნდება და ქრება სხვადასხვა ინტენსივობით.

გამომწვევი მიზეზები

კლეპტომანიის ზუსტი გამომწვევი მიზეზი უცნობია. რამდენიმე თეორიის მიხედვით, ამ დარღვევის მიზეზი თავის ტვინში მიმდინარე ცვლილებებია.

რისკ-ფაქტორებს განეკუთვნება ოჯახური ანამნეზი ან სხვა ფსიქიკური დაავადება.

როგორც სტატიაში ვკითხულობთ, კლეპტომანიით დაავადებულ ზოგიერთ ადამიანს არასდროს გაუვლია მკურნალობის კურსი ან განმეორებით ჩადენილი ქურდობის გამო დაუპატიმრებიათ - სწორედ ამიტომ კლეპტომანიის ბევრი კლინიკური შემთხვევა არ დიაგნოსტირებულა.

როგორც წესი, დარღვევა თავდაპირველად ვლინდება თინეიჯერობის პერიოდში, თუმცა სავსებით შესაძლებელია გამოვლინდეს ზრდასრულ ასაკშიც.

რადგან დარღვევის გამომწვევი მიზეზი ცნობილი არაა, მეცნიერებისთვის პათოლოგიის პრევენციის შესაძლო მეთოდები დღემდე უცნობია.

 

წყარო:

https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/kleptomania/symptoms-causes/syc-20364732