კანზე მცირე ზომის წანაზარდს მეჭეჭი ეწოდება.
მეჭეჭი, როგორც წესი, თითებზე ან ხელზე ჩნდება. შეხებისას გრძნობთ უხეშ ზედაპირს; შეიძლება მეჭეჭზე განვითარდეს მცირე ზომის შავი წერტილები, რაც სინამდვილეში დახშული სისხლძარღვებია.
მეჭეჭების გამომწვევია ვირუსი და შეხებით გადაეცემა.
ჩვეულებრივ, უვნებელია და თავისით ქრება, მაგრამ ბევრ ადამიანს ურჩევნია მოიცილოს.
სიმპტომები
მეჭეჭი ვიზუალურად ასე გამოიყურება:
- მცირე ზომის, ხორცისებრი ამობურცულობა;
- ხორცისფერი, თეთრი, ვარდისფერი ან მოყავისფროა;
- შეხებისას უხეში ზედაპირი აქვს;
- დაფარულია შავი წერტილებით.
როდის მივმართოთ ექიმს?
ექიმს უნდა მიმართოთ თუ:
- წანაზარდი მტკივნეულია ან შეიცვალა ფერი თუ ვიზუალი;
- მეჭეჭის მკურნალობა სცადეთ, მაგრამ უშედეგოდ - გავრცელდა ან ხელახლა გაჩნდა;
- წანაზარდი გიქმნით დისკომფორტს და ხელს გიშლით აქტივობაში;
- დარწმუნებული არ ხართ წანაზარდი ნამდვილად მეჭეჭია თუ არა;
- ზრდასრული ბრძანდებით და დიდი რაოდენობით მეჭეჭები გაგიჩნდათ. ეს შესაძლოა იმის ნიშანი იყოს, რომ იმუნიტეტი სათანადოდ ვერ ფუნქციონირებს.
გამომწვევი მიზეზები
მეჭეჭებს იწვევს ადამიანის პაპილომავირუსი. ვირუსის 150-ზე მეტი ტიპი არსებობს და მხოლოდ რამდენიმე იწვევს ხელზე მეჭეჭებს. უმეტესი ფორმა ვრცელდება კანთან კონტაქტით ან საერთო ნივთების, მაგალითად, პირსახოცის გამოყენებით.
ვირუსი ორგანიზმში აღწევს კანის დაზიანებული არედან - ვირუსისთვის ხელსაყრელია ნაკაწრი, ჭრილობა. ცნობისათვის, ფრჩხილების კვნეტით მეჭეჭებს გავრცელების საშუალებას აძლევთ.
რასაკვირველია, თითოეული ადამიანის იმუნური სისტემა პაპილომავირუსით ინფიცირებაზე სხვადასხვანაირად რეაგირებს და სწორედ ამიტომ ყველა ადამიანს არ უჩნდება მეჭეჭი კონტაქტის შემთხვევაში.
მეჭეჭის განვითარების რისკ-ჯგუფში შედიან:
- ბავშვები და ახალგაზრდები;
- სუსტი იმუნური სისტემის მქონე ადამიანები.
წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/common-warts/symptoms-causes/syc-20371125