ასაკის მატებასთან ერთად თმის ფერის ცვლილება ნორმალურია.
თუმცა თმაში შერეული თეთრი ფერი მხოლოდ ხანდაზმულთა პრობლემა როდია და ჭაღარა შესაძლოა გამოვლინდეს ნებისმიერ ასაკში, დიახ, თქვენ წარმოიდგინეთ ეს თემა თინეიჯერებისთვისა და 20 წლის ახალგაზრდებისთვისაც კი ნაცნობია.
რატომ ჩნდება ჭაღარა?
მოვერცხლისფრო ძირების გამომწვევი მიზეზი ყოველთვის ასაკის მატება როდია და გაჭაღარავებაში შესაძლოა გარკვეულ როლს თამაშობდეს შემდეგი ფაქტორები:
- ორგანიზმში ვიტამინების დეფიციტი. ვიტამინების (B-6, B-12, D, E, ბიოტინი) ნაკლებობა ნაადრევი ჭაღარის გამომწვევი მიზეზია. მეცნიერები 2015 წელს საინტერესო ექსპერიმენტზე მუშაობდნენ, რომლის საფუძველზეც შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ საკვები ნივთიერებების დეფიციტი გარკვეულ გავლენას ახდენს;
- გენეტიკა. დიახ, გენეტიკას ვერსად გავექცევით და ადრეული ჭაღარის ყველაზე ხშირი მიზეზი სწორედ გენეტიკური ფაქტორია;
- სტრესი. ჭაღარის მიზეზი ოქსიდაციური სტრესიც შეიძლება გახდეს. ოქსიდაციური სტრესის გამო ანტიოქსიდანტების რაოდენობა იმდენად მცირდება, რომ ორგანიზმს თავისუფალი რადიკალებით გამოწვეულ მავნებელ ეფექტთან გამკლავება ძალიან უჭირს. ჭაღარის გაჩენას ხელს უწყობს ცხოვრებისეული სტრესიც;
- ჯანმრთელობის პრობლემა. საყურადღებოა ზოგიერთი სამედიცინო მდგომარეობა და განსაკუთრებით აუტოიმუნური დაავადებები;
- თამბაქო;
- თმის საღებავი. ქიმიური თმის საღებავები და პროდუქტები, მაგალითად, შამპუნი შესაძლოა ადრეული ჭაღარის გამოვლენის მიზეზი გახდეს. სამწუხაროდ, ზოგიერთი ეს პროდუქცია იმ მავნებელ ინგრედიენტებს შეიცავს, რომელიც მელანინის დონეს ამცირებს.
შესაძლებელია თუ არა გაჭაღარავების პროცესის შეჩერება ან პრევენცია?
თუ საქმე გვაქვს გენეტიკურ ფაქტორთან ან ასაკთან, გაჭაღარავების პროცესთან შეგუება მოგიწევთ, რადგან პრევენციასა თუ შეჩერებას ვერ შეძლებთ.
როცა ჭაღარის გაჩენის მიზეზი კვების რაციონში ვიტამინების დეფიციტია, შეძლებისდაგვარად ჩარევა და კორექცია შესაძლებელია.
ოქსიდაციური სტრესის შემცირებაში დაგეხმარებათ ანტიოქსიდანტებით მდიდარი საკვები და სასმელი (ხილი, ბოსტნეული, მწვანე ჩაი, თევზი, ზეითუნის ზეთი).
თუ ორგანიზმი ვიტამინების დეფიციტს განიცდის, რეკომენდებულია მიირთვათ: ზღვის პროდუქტები, კვერცხი, ხორცი, რძე, ყველი.
ასევე გირჩევთ ენდოკრინოლოგთან კონსულტაციას, რომელიც შესაბამისი ლაბორატორიული ანალიზის პასუხის საფუძველზე ვიტამინის ადეკვატურ დოზას დაგინიშნავთ.
წყარო:
https://www.medicalnewstoday.com/articles/320288