გაფანტული სკლეროზი - რა იწვევს დაავადებას?

გაფანტული სკლეროზი - რა იწვევს დაავადებას?

გაფანტული სკლეროზი ცენტრალური ნერვული სისტემის დაავადებაა.

გაფანტული სკლეროზის დროს იმუნური სისტემა ებრძვის მიელინს (ნერვული ბოჭკოს დამცავი გარსი) და იწვევს კომუნიკაციის პრობლემებს ტვინსა და დანარჩენ ორგანიზმს შორის.

დაავადებამ შესაძლოა გამოიწვიოს ნერვების ფუნქციის მუდმივი დაზიანება.

გაფანტული სკლეროზის მწვავე ფორმის დროს ზოგიერთი პაციენტი დამოუკიდებლად სიარულს ვეღარ ახერხებს, ხოლო ზოგიერთ კლინიკურ შემთხვევაში პათოლოგია ვლინდება რემისიის ხანგრძლივი პერიოდით.

დაავადების პირველი სიმპტომები როგორც წესი, 20-დან 40 წლამდე ასაკში ვლინდება და უმეტესად ქალები ავადობენ.

სიმპტომები მრავალფეროვანია და დამოკიდებულია დაზიანების ადგილზე, თუმცა ყველაზე ხშირია:  

  • დაბუჟება, მგრძნობელობის დაკარგვა, დაქვეითება ერთ ან მეტ კიდურში;
  • ელექტროშოკით გამოწვეული შეგრძნების მსგავსი დარტყმა კისრის მოძრაობის დროს და განსაკუთრებით მაშინ, როცა კისერს წინ ხრით;    
  • კანკალი, კოორდინაციის ნაკლებობა ან არამყარი, სუსტი სიარულის მანერა;
  • ერთ თვალში მხედველობის სრული ან ნაწილობრივი დაკარგვა. თვალის მოძრაობის დროს ტკივილის შეგრძნება;
  • ხანგრძლივი გაორებული მხედველობა;
  • ბუნდოვანი მხედველობა;
  • ბუნდოვანი მეტყველება;
  • დაღლილობა;
  • თავბრუსხვევა;
  • ჩხვლეტის ან ტკივილის შეგრძნება სხეულის სხვადასხვა ნაწილში;
  • ნაწლავისა თუ შარდის ბუშტის პრობლემები და სხვა.

გაფანტული სკლეროზის ზუსტი გამომწვევი მიზეზი უცნობია.

გამომწვევ მიზეზთაგან შეგვიძლია გამოვყოთ გენეტიკური მიდრეკილება, ვირუსული და ბაქტერიული დაავადებებით ხშირი ავადობა, ტოქსიკური ნივთიერებებით მოწამვლა.

მედიკოსთა აზრით, გაფანტული სკლეროზის განვითარებას ხელს უწყობს ორგანიზმში D ვიტამინის დეფიციტი და ზოგიერთი აუტოიმუნური დაავადება. გასათვალისწინებელია გენეტიკისა და გარემო ფაქტორების კომბინაციაც.

მკურნალობის ძირითად მიზანს დაავადების პროგრესირების შენელება და სიმპტომების მართვა წარმოადგენს.

გაფანტული სკლეროზის გამო პაციენტს შეიძლება განუვითარდეს კუნთების სპაზმი, ქვედა კიდურების დამბლა, ნაწლავისა და შარდის ბუშტის პრობლემები, სექსუალური ფუნქციის დაქვეითება, ხასიათის, გუნება-განწყობილების ცვლილება, მეხსიერებასთან დაკავშირებული პრობლემები, დეპრესია, ეპილეფსია.

 

წყარო:   

https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/multiple-sclerosis/symptoms-causes/syc-20350269