რა არის კარგი გოგოს სინდრომი?
თანამედროვე სამყაროში ქალად ყოფნა არ არის მარტივი - მხიარული უნდა იყო, მაგრამ არა ინფანტილური, სექსუალური და არა ამორალური, ამბიციური და თან ოჯახს პირველ ადგილზე აყენებდე; სრულყოფილი უნდა იყო, მორჩილი, სათნო, იღიმოდე, პრობლემებს არ იწვევდე - ეს იმ სტერეოტიპების ძალიან მცირე ჩამონათვალია, რომელსაც, სამკაულივით ატარებდე.
კულტურული სცენარი, რომელსაც საუკუნეებია ქალებისთვის წერენ და ბოლო არ უჩანს, წინააღმდეგობებითაა სავსე - შედეგი მენტალური ჯანმრთელობის პრობლემები, ემოციური გამოფიტვა და ფიზიკური გადაქანცვაა.
უცნაური ისაა, რომ უამრავი ქალი ნებით თუ უნებლიედ ამ ჩარჩოებში მოქცევას ცდილობს და კარგი გოგოს სინდრომით იტანჯება. ერთია ეს მახასიათებლები ბუნებრივად გქონდეს და მეორეა „სტანდარტებში“ მორგებას ცდილობდე.
ფსიქოლოგები განმარტავენ, რომ ეს ტერმინი (იგულისხმება კარგი გოგოს სინდრომი) არ არის დიაგნოსტირებული მენტალური ჯანმრთელობის მდგომარეობა და რეალურად იმ ჩვევების ერთობლიობაა, რომელიც ნამდვილად ზიანს აყენებს ქალს.
ფსიქოლოგები აცხადებენ, რომ ამ სინდრომის ფესვები საზოგადოებაშია - ჩამოყალიბდა სტერეოტიპი თუ როგორი უნდა იყოს ქალი და რა როლის თამაში შეუძლია. ბევრ ქალს დანაშაულის შეგრძნებაც კი უჩნდება თუ კარგი გოგოს სინდრომიდან გადაუხვევს.
კარგი გოგოს სინდრომისთვის დამახასიათებელია შემდეგი ჩვევა:
- პერფექციონიზმი - სრულყოფილებისკენ სწრაფვა;
- მთავარია გარშემომყოფები ასიამოვნოთ;
- თქვენზე წინ სხვებს აყენებთ;
- დაქვეითებული თვითშეფასება, მუდმივად უკმაყოფილო ხართ გარეგნობით და მის შეცვლას ცდილობთ;
- სხვადასხვა ტიპის პრობლემა სექსუალურ ცხოვრებაში;
- ბავშვობაში გადატანილი ტრავმა, რომელიც სერიოზულ ზეგავლენას ახდენს თქვენს რეალურ პიროვნებაზე, განცდებზე, ამბიციებზე, მიზნებსა და სურვილებზე.
წყარო:
