ბრონქოექტაზია - როდესაც სასუნთქი გზები ფართოვდება

ბრონქოექტაზია - როდესაც სასუნთქი გზები ფართოვდება

რა არის ბრონქოექტაზია?

ბრონქოექტაზია მდგომარეობაა, რომლის დროსაც დაზიანების გამო სასუნთქი გზები ფართოვდება. პათოლოგიური პროცესის ფონზე ორგანიზმს უჭირს ფილტვიდან ლორწოს გამოდევნა და ყალიბდება განმეორებითი ინფექციები.

ბრონქოექტაზიის მთავარი სიმპტომი დიდი რაოდენობით ჩირქისა და ლორწოს ამოხველებაა.

ბრონქოექტაზიის განკურნება ვერ ხერხდება, თუმცა ამ დაავადების მართვა შესაბამისი მკურნალობის კურსით შესაძლებელია.

ბრონქოექტაზიასა და ბრონქიტს მსგავსი სიმპტომები აქვს, თუმცა განსხვავება ისაა, რომ ბრონქოექტაზიის დიაგნოზისას მუდმივადაა გაფართოებული სასუნთქი გზები, ხოლო ბრონქიტის შემთხვევაში ეს პროცესი დროებითია და სერიოზულ კვალსაც არ ტოვებს ფილტვში.

ბრონქოექტაზიის რისკ-ჯგუფში იმყოფებით თუ ანამნეზში გაქვთ რომელიმე ისეთი დაავადება, რომელიც აზიანებს ფილტვს ან იმუნურ სისტემას. თუ ანამნეზში დაავადება არ გაქვთ, ანუ პრაქტიკულად ჯანმრთელ პირად ითვლებით რისკის მიზეზი ასაკობრივია, ანუ ასაკის მატება, ხანდაზმულობა გასათვალისწინებელია.

ბრონქოექტაზია შესაძლოა იყოს მსუბუქი ან მწვავე ფორმის - ზოგიერთი ადამიანი ამ პათოლოგიას ატარებს და ამის შესახებ წარმოდგენაც არ აქვს.

ბრონქოექტაზიას ახასიათებს შემდეგი ნიშნები:

  • დიდი რაოდენობით ლორწოს და ჩირქის ამოხველება;
  • ხშირი გაციება;
  • უსიამოვნო სუნის ლორწო;
  • სუნთქვის უკმარისობა;
  • სისხლის ამოხველება;
  • თითების შეშუპება;
  • ხიხინი;
  • ღამის ოფლიანობა;
  • სიცხე, კანკალი;
  • ძლიერი დაღლილობა.

ბრონქოექტაზია ყალიბდება ორ ფაზად:

  • პირველი ფაზაა ფილტვის დაზიანება ინფექციის, ანთებითი დაავადების ან სხვა პათოლოგიის გამო;
  • მეორე ფაზაა განმეორებითი ინფექციები, რომელიც კიდევ უფრო მეტად აზიანებს ფილტვის სტრუქტურას.

კლინიკურ შემთხვევათა 40%-ში ბრონქოექტაზიის გამომწვევი საწყისი მიზეზი უცნობი რჩება.

წყარო:

https://my.clevelandclinic.org/health/diseases/21144-bronchiectasis