ფებრილური კრუნჩხვა - როგორ მოვიქცეთ თუ ბავშვს სიცხის გამო გულყრა დაემართება?

ფებრილური კრუნჩხვა - როგორ მოვიქცეთ თუ ბავშვს სიცხის გამო გულყრა დაემართება?

კარგად დაიმახსოვრეთ ეს მეთოდები და მთავარია არ შეგეშინდეთ.

ფებრილური კრუნჩხვა სიცხის გამო ტვინში მიმდინარე ელექტრული აქტივობაა. მოსალოდნელია ბავშვებში ყურის ინფექციის, ჩუტყვავილის, გრიპისა და გაციების დროს.

კრუნჩხვა რამდენიმე წუთი გრძელდება და ჩვეულებრივ, არ არის საშიში, თუმცა შემზარავი სანახავია მშობლებისთვის, ძიძებისთვის და ნებისმიერი იმ ადამიანისთვის, რომელსაც სამედიცინო განათლება არ აქვს.

დამახასიათებელი სიმპტომებია:

  • კუნთების უკონტროლო, უნებლიე მოძრაობა, ბავშვი კანკალებს, აკეთებს უხერხულ მოძრაობებს;
  • გონების დაკარგვა - პატარამ შესაძლოა თვალები უკან გადაატრიალოს;
  • ღებინება, ნერწყვდენა, კუჭში გასვლა ან შარდის შეუკავებლობა.

ფებრილური კრუნჩხვა გენეტიკურია - სტატისტიკურად, 10-დან 33%-ში ფიქსირდება გენეტიკური წინასწარგანწყობა, ანუ ბავშვის ბიოლოგიურ ნათესავს აღენიშნებოდა სიცხის დროს კრუნჩხვის ისტორია.

აუცილებელია პირველივე კრუნჩხვის ეპიზოდის შესახებ აცნობოთ პედიატრს ან თვითდინებით მიმართოთ პედიატრიული განყოფილების ემერჯენსის დეპარტამენტს; აუცილებელია დადგინდეს სპაზმი ფებრილურია (სიცხის გამო) თუ კრუნჩხვას იწვევს გაცილებით სერიოზული მიზეზი.

თუ სიცხის დროს კრუნჩხვა დაფიქსირდა უნდა იმოქმედოთ შემდეგი მეთოდებით:

  • შეინარჩუნეთ სიმშვიდე. წარმოგვიდგენია თუ როგორი რთული საყურებელია ეს სცენა, თუმცა პანიკაში არ ჩავარდეთ;
  • აკონტროლეთ დრო. ზუსტად უნდა იცოდეთ რამდენი წამი გაგრძელდა კრუნჩხვა და დღეში რამდენჯერ განმეორდა;
  • თუ კრუნჩხვა არ შეწყდება 5 წუთში გამოიძახეთ გადაუდებელი სასწრაფო დახმარება;
  • კრუნჩხვის დროს დიდია ტრავმის მიღების რისკი - თავი ხელში აიყვანეთ და მაქსიმალურად მშვიდად დააწვინეთ ბავშვი იატაკზე. ნუ შეეცდებით მის გაკავებას, მკლავების შემოხვევას და მოერიდეთ ნებისმიერ მსგავს მანევრს;
  • კრუნჩხვისას ბავშვი უნდა დააწვინოთ გვერდულად - გვერდზე წოლისას სითხისგან (ნერწყვი, ნარწყევი) გაგუდვის რისკი მინიმუმამდე მცირდება;
  • შეამოწმეთ ბავშვის პირის ღრუ და თუ რამეს შენიშნავთ (ნებისმიერი უცხო სხეული) ამოაცალეთ.

სამწუხაროდ, ფებრილური კრუნჩხვის პრევენცია შეუძლებელია - მაშინაც კი, როდესაც პატარა ადამიანის სიცხეს მართავთ კრუნჩხვის რისკი გასათვალისწინებელია.

 

წყარო:  

https://my.clevelandclinic.org/health/diseases/febrile-seizure