ყველაზე უსაფრთხო ტურისტული მიმართულებები ევროპაში - რეიტინგში თბილისი პირველ ადგილზეა, ხოლო ბათუმი მეშვიდეზე

ყველაზე უსაფრთხო ტურისტული მიმართულებები ევროპაში - რეიტინგში თბილისი პირველ ადგილზეა, ხოლო ბათუმი მეშვიდეზე

კორონავირუსი, ყველაზე უსაფრთხო მიმართულებები ევროპაში.

სამოგზაურო პლატფორმამ European Best Destinations თბილისი და ბათუმი ევროპაში ყველაზე უსაფრთხო 20 ტურისტულ მიმართულებას შორის დაასახელა - რეიტინგს ლიდერობს თბილისი, ხოლო საპატიო ათეულში მეშვიდე პოზიციაზეა ბათუმი.

პოპულარული პორტალი სტატიაში ხაზს უსვამს საქართველოს მიღწევებს კორონავირუსთან მიმართებაში.

როგორც სტატიაში ვკითხულობთ, ბევრი ევროპული ქვეყანა ხსნის საზღვრებს და სასტუმროებს, ნიშნავს რეისებს, შესაბამისად, ტურისტმა შესაძლოა მოგზაურობა გადაწყვიტოს, მაგრამ არ იცოდეს რომელ ქვეყანას ესტუმროს ან არ ჰქონდეს ინფორმაცია იმის შესახებ თუ რა ტიპის უსაფრთხოების ზომებია გატარებული რეგიონში.

სწორედ ამიტომ პორტალი მკითხველს იმ მიმართულებების შესახებ მოუთხრობს, რომელიც ყველაზე ნაკლებად დაზარალდა კორონავირუსის გამო.

სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ თბილისი საქართველოს დედაქალაქია და რომ საქართველო ერთ-ერთია იმ ქვეყნებს შორის, რომელიც კორონავირუსით ყველაზე ნაკლებად დაზარალდა.

„საქართველომ ძალიან სწრაფად მოახდინა რეაგირება და მიიღო შესაბამისი ზომები. ევროპის ყველაზე დაზარალებული ქვეყნების მაჩვენებელს თუ შევადარებთ, საქართველოში კორონავირუსის 260-ჯერ ნაკლები კლინიკური შემთხვევა ფიქსირდება. საერთაშორისო მოგზაურებისთვის ქვეყნის საზღვრები პირველ ივლისს ხელახლა გაიხსნება - ხორციელდება, ინერგება რიგი უსაფრთხოების ნორმები მოქალაქეებისა და ტურისტების ჯანმრთელობის დაცვისა და კომფორტული დასვენების მიზნით. ახლა ისე როგორც არასდროს ახალი გამოცდილებით, შთაბეჭდილებებით ცხოვრება გვინდა და თბილისი ზუსტად ის არის, რაც გვჭირდება - წარსულის, აწმყოსა და მომავლის სინთეზი. საქართველოს დედაქალაქი ასეთი ტრენდული არასდროს ყოფილა, იდეალური მიმართულებაა კულტურის, გასტრონომიისა თუ არქიტექტურის მოყვარულთათვის. WOW ეფექტი გარანტირებულია“, - ვკითხულობთ სტატიაში.

პლატფორმა ბათუმს ახასიათებს როგორც არაჩვეულებრივ, განსაკუთრებულ მიმართულებად, რომელიც მოგზაურს არასდროს დაავიწყდება და სადაც შეუძლებელია მოიწყინო.

„ბათუმი სანაპიროს, რელაქსაციის, პეიზაჟების, შოპინგის, კულტურის, გასტრონომიის, ღვინის ნაზავია. ბათუმი ევროპაში უსაფრთხო მიმართულებაა არა მხოლოდ კორონავირუსის თვალსაზრისით, არამედ კრიმინალის დაბალი მაჩვენებლითაც, მაგალითად, ევროპის დედაქალაქებთან შედარებით აქ კრიმინალის დონე ხუთჯერ დაბალია. ბათუმი მშვენიერია შემოდგომაზეც და ტემპერატურა სექტემბერსა და ოქტომბერში ძალიან სასიამოვნოა. ეს მშვენიერი ქალაქი გეპატიჟებათ, რომ თავად გამოსცადოთ უძველესი ისტორიული ადგილების კონტრასტი თანამედროვე ცხოვრების ტემპთან“, - ვკითხულობთ სტატიაში.

როგორც ჟურნალისტი აღნიშნავს, აჭარის რეგიონი მრავალფეროვნებით გამოირჩევა, ვიზიტორს საშუალება ეძლევა შეიგრძნოს ეკოტურიზმის ძალა და რაც ასევე მნიშვნელოვანია ლამაზ, გრძელ სანაპირო ზოლზე რუჯის მოყვარულებს სოციალური დისტანციის დაცვის საშუალება ეძლევათ.

European Best Destinations-ის 20 ყველაზე უსაფრთო სამოგზაურო მიმართულების რეიტინგი ასე გამოიყურება:

  • თბილისი, საქართველო;
  • კორფუ, საბერძნეთი;
  • ცავტატი, ხორვატია;
  • აზორის კუნძულები, პორტუგალია;
  • პრევეზა, საბერძნეთი;
  • ალენტეჟო, პორტუგალია;
  • ბათუმი, საქართველო;
  • ზაგრები, ხორვატია;
  • ალგარვი, პორტუგალია;
  • სიბიუ, რუმინეთი;
  • კოტორი, მონტენეგრო;
  • რიეკა, ხორვატია;
  • ვარშავა, პოლონეთი;
  • ვენა, ავსტრია;
  • ბოჰინი, სლოვენია;
  • მალტა;
  • გდანსკი, პოლონეთი;
  • ვილნიუსი, ლიეტუვა;
  • რიგა, ლატვია;
  • ველური ტაიგა, ფინეთი.

წყარო:

https://www.europeanbestdestinations.com/best-of-europe/coronavirus-safest-holiday-destinations/