როგორც მოგზაურები ამბობენ, თუ ერთხელ იტალიას ესტუმრებით, სამუდამოდ შეგიყვარდებათ.
მართლაც იტალია ღია მუზეუმს ჰგავს, რომლის ყველა კუთხე განუმეორებელი და აღმაფრთოვანებელია.
ამჯერად ვერონაში ვიმოგზაურებთ, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის, ყოველწლიური ბაზრობის, პოეზიის სეზონის, ამფითეატრისა თუ არაერთი ღონისძიების მეშვეობით, ჩრდილოეთ იტალიაში ერთ-ერთ უმთავრეს ტურისტულ ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს. ურბანული სტრუქტურისა და არქიტექტურის გამო ვერონა მსოფლიო მემკვიდრეობის სიის საპატიო წევრია.
მშვენიერი ქალაქის ერთ-ერთ ქუჩაზე ყოველთვის ხალხმრავლობაა...
რასაკვირველია, ვერონაში ყველაზე პოპულარული ტურისტული სანახაობა ვია კაპელოს N23-ში მდებარე ჯულიეტას სახლია (Casa Di Giulietta).
შორიდანვე შენიშნავთ ბაღში სხვადასხვა ენაზე მოსაუბრე ადამიანთა ფუსფუსს - ისინი ჯულიეტას სიყვარულის ამბავზე მოუთხრობენ. სასიყვარულო წერილებს ტოვებენ წითელ საფოსტო ყუთსა თუ კედელზე. მაგრამ რა ხდება მას შემდეგ, როდესაც კედელი წერილებით იფარება? სწორედ ამ თემას ეძღვნება ჩვენი სტატია.
დიახ, ვერონაში რეალურად ფუნქციონირებს კულტურული ორგანიზაცია, რომლის თანამშრომლებიც წერილებს კითხულობენ და ავტორებს პასუხობენ.
ხელოვანთა ჯგუფის მიერ ჩამოყალიბებულმა კლუბმა შექსპირის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ტრაგედია „რომეო და ჯულიეტა“ ფურცლიდან ლამაზ ბაღში გააცოცხლა, ხოლო ჯულიეტა სიყვარულისა და რომანტიკის მფარველად აქცია.
კლუბში ჯულიეტას მდივნის თანამდებობაზე დასაქმებულია 50-ზე მეტი მოხალისე. მდივნები წერილს კითხულობენ, თარგმნიან და პასუხს გზავნიან. ჯულიეტას კლუბში წელიწადში 10 000-დან 60 000-მდე სასიყვარულო წერილს პასუხობენ.
ორგანიზაციის ისტორია 1972 წლიდან იწყება. კლუბის დაარსებიდან დღემდე წევრები კედელზე, საფოსტო ყუთსა თუ მეილზე დატოვებულ წერილებს ეცნობიან და სასიყვარულო რჩევებს უანგაროდ გასცემენ.
კლუბს ოფიციალური ვებ-გვერდი აქვს და სამახსოვროდ სუვენირების (ყელსაბამი, ღია ბარათი, უბის წიგნაკი) შეძენაცაა შესაძლებელი.
აღსანიშნავია, რომ ნებისმიერ მსურველს შეუძლია მიმართოს კლუბს, ერთი დღით გახდეს ჯულიეტა, სრულიად უცნობი ადამიანის წერილს გაეცნოს და უპასუხოს.
ორგანიზაციას დაწესებული აქვს სპეციალური პრიზი სახელწოდებით „ძვირფასო ჯულიეტა“. ყოველწლიურად ყველაზე ლამაზი წერილის ავტორი ვლინდება.
ჯულიეტას კლუბით 2010 წელს ჰოლივუდი დაინტერესდა. ფილმში „წერილები ჯულიეტას“ (Letters to Juliet) მთავარ როლს ვარსკვლავი ამანდა სეიფრინდი თამაშობს. სცენარი ამერიკელი სოფის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც ვერონაში უპასუხოდ დატოვებულ სასიყვარულო ბარათს აღმოაჩენს. სოფი გადაწყვეტს, რომ წლების შემდეგ წერილის ავტორს უპასუხოს. საინტერესო ამბავი სწორედ ამ წუთიდან იწყება. ფილმმა არაერთ ადამიანს უბიძგა ჯადოსნურ ვერონაში მოგზაურობისკენ.