რა არის ბუასილი და როგორ დავიცვათ თავი ამ დაავადებისგან?

რა არის ბუასილი და როგორ დავიცვათ თავი ამ დაავადებისგან?

მედიკოსები ბუასილს საუკუნის პროგრესირებად დაავადებას უწოდებენ.

ბუასილის, ანუ ჰემოროიდული დაავადების განვითარების რისკის წინაშეა ნებისმიერი ადამიანი, რომლის ცხოვრების წესიც მჯდომარე და ადინამიურია.

მიუხედავად იმისა, რომ დაავადების ჩამოყალიბებას ხელს უწყობს არაერთი მიზეზი, ხშირ კლინიკურ შემთხვევებში ზუსტი გამომწვევი ფაქტორი უცნობია.

ჰემოროიდული დაავადების ჩამოყალიბების გამშვები მექანიზმი კავერნოზული სტრუქტურების არტერიო-ვენური ანასტომოზების ფუნქციური მოშლილობა და ჰემოროიდებში სისხლის ჭარბი მიდინებაა.

აღსანიშნავია, რომ პათოლოგიას ახასიათებს გამწვავებისა და კლინიკურად პრაქტიკულად უსიმპტომოდ მიმდინარე პერიოდთა მონაცვლეობა. საბედნიეროდ, ხშირად ცხოვრების ჯანსაღი წესის (რაც თავისთავად კვების რაციონის ცვლილებასა და ვარჯიშს გულისხმობს) დახმარებით პაციენტი თავს უკეთ გრძნობს, მდგომარეობა უმჯობესდება. თუმცა დაუშვებელია თვითმკურნალობა, რადგან პროქტოლოგის მეთვალყურეობის გარეშე სავსებით შესაძლებელია, მსხვილი ნაწლავის უფრო სერიოზული და სახიფათო პათოლოგია ყურადღების მიღმა დარჩეს.

როგორ ამოვიცნოთ ბუასილი?

ბუასილის ნიშნები და სიმპტომები უმეტესად იმაზეა დამოკიდებული თუ ჰემოროიდული დაავადების რომელ ტიპთან გვაქვს საქმე. თუმცა საერთო სიმპტომებს განეკუთვნება:

  • ანალურ ნაწილში ქავილი ან გაღიზიანება;
  • ტკივილი ან დისკომფორტი;
  • შეშუპება უკანა ტანის გარშემო;
  • სისხლდენა დეფეკაციის დროს და მის შემდეგ;
  • კვანძების შეშუპება, თრომბოზი, რომელსაც თან ახლავს ტკივილი;
  • კვანძების გამოვარდნა, ჩაჭედვა, რომელსაც თან ახლავს ტკივილი;
  • სწორი ნაწლავის არასრული დაცლის უსიამოვნო შეგრძნება და სხვა.

გამომწვევი მიზეზი და რისკ-ფაქტორები

ბუასილის ჩამოყალიბებას სავსებით შესაძლებელია ხელს უწყობდეს:

  • დეფეკაციის დროს ძლიერი დაჭიმვა;
  • უნიტაზზე დიდი ხნის განმავლობაში ჯდომა;
  • ქრონიკული დიარეა ან ყაბზობა (შეკრულობა);
  • სიმსუქნე;
  • ორსულობა;
  • საკვებ რაციონში უჯრედისის ნაკლებობა;
  • გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი;
  • არააქტიური ცხოვრების წესი;
  • რეგულარულად ჭარბი წონის აწევა.

ბუასილის განვითარების რისკი ასაკთან ერთად იზრდება, რადგან ამ დროს სწორი ნაწლავის ვენების გარშემო ქსოვილები სუსტდება და იწელება.

დიაგნოსტირება და მკურნალობა

პროქტოლოგი გაეცნობა ფიზიკურ მონაცემებს, შეისწავლის მიმდინარე კლინიკურ სიმპტომატიკას.

ცნობისათვის, დაავადების პირველი და მეორე ხარისხი კონსერვატიულ მკურნალობას ექვემდებარება, ხოლო მესამე და მეოთხე ხარისხი ქირურგიულ ჩარევას საჭიროებს.

როდის უნდა მივმართოთ ექიმს?

რეკომენდებულია მიმართოთ ექიმს, თუ ნაწლავის მოქმედების დროს სისხლს შენიშნავთ ან სახლში მკურნალობის მიუხედავად ბუასილის მდგომარეობა არ გაუმჯობესდება.

გამოიძახეთ გადაუდებელი სასწრაფო დახმარება თუ გაქვთ ჭარბი სისხლდენა სწორი ნაწლავიდან, გულის წასვლის შეგრძნება, თავბრუსხვევა, ძლიერი სისუსტე.

პრევენცია

ბუასილისგან თავის დასაცავად რეკომენდებულია:

  • მიირთვათ ბოჭკოთი (უჯრედისი) მდიდარი პროდუქტები;
  • ხშირად დალიოთ წყალი;
  • კუჭის მოქმედების დროს მოერიდოთ დაჭიმულობას;
  • დაუშვებელია ბუნებრივ მოთხოვნილებაზე უარი (არ შეიკავოთ თავი კუჭის მოქმედებისგან);
  • ივარჯიშეთ;
  • მოერიდეთ დიდხანს ჯდომას, უმოძრაოდ ყოფნას;
  • შეინარჩუნეთ ჯანსაღი წონა და სიმსუქნის შემთხვევაში დაიკელით ზედმეტი კილოგრამები;
  • რაციონში მაქსიმალურად შეზღუდეთ ცხარე, მწარე და მჟავე საკვები;
  • დაიცავით ადგილობრივი ჰიგიენა.

 

წყარო:

https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/hemorrhoids/symptoms-causes/syc-20360268